fbpx

პროპორციული საარჩევნო სისტემა: ძირითადი არგუმენტები

ავტორი: შოთა ნარსია

პროპორციული საარჩევნო სისტემა: ძირითადი არგუმენტები

საარჩევნო სისტემები სამ დიდ ოჯახად, მაჟორიტარულ, პროპორციულ და შერეულ სისტემებად იყოფა. იმასთან დაკავშირებით, თუ რომელია საუკეთესო საარჩევნო სისტემა, აკადემიურ წრეებში შეთანხმება არ არსებობს. თითოეული საარჩევნო სისტემის ტიპს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. ვერცერთი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური სისტემის ყველა პრობლემის სრულად და თანაბრად გადაჭრას. იმასთან დაკავშირებით, თუ საარჩევნო სისტემის რომელ კრიტერიუმზე დაფუძნებაა უპირატესი, კონკრეტული პოლიტიკური სისტემის მახასიათებლების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. საქართველოში მოქმედი შერეული წევრობის მაჟორიტარული სისტემა პოლიტიკური სისტემის არაერთი პრობლემის დეტერმინანტია. ამ კუთხით პროპორციულ სისტემას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. 

საარჩევნო სისტემის მკვლევრებს შორის საუკეთესო სისტემასთან დაკავშირებით ურთიერთგანსხვავებული შეხედულებები გამოიყოფა. ანდრე ბლაიზი და ლუის მასიკოტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობებზე ამახვილებენ ყურადღებას. დონალდ ჰაროვიცი და ბენ რეილი მაჟორიტარულ სისტემაში განსაკუთრებით ალტერნატიული ხმის მიცემის ტიპს გამოყოფენ, ჯოვანი სარტორი კი ორრაუნდიან სისტემას ემხრობა. მეთიუ შუგარტი და მარტინ უატენბერგი შერეულ საარჩევნო სისტემას „ორ სამყაროს შორის საუკეთესოდ“ მიიჩნევენ. არენდ ლეიპჰარტისთვის კი შედარებით იდეალური საარჩევნო სისტემა პროპორციული წარმომადგენლობის ღია სიების სისტემაა (Farrel, 2001, in Gallagher, 2005, p. 568)

საარჩევნო სისტემების მკვლევრები გამოყოფენ იმ კრიტერიუმებს, რაც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ სისტემის უპირატესობას. ლეიკმანის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, საარჩევნო სისტემის შეფასება ეფუძნება ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა: წარმომადგენლობის სიზუსტე, მთავრობის შესაბამისობა უმრავლესობის სურვილთან, ძლიერი და სტაბილური მთავრობა და დეპუტატების არჩევნების შესაბამისობა ხელისუფლების ფუნქციებთან (Lakeman, 1974, p. 28). შუგარტი და უატენბერგი გამოყოფენ შემდეგ კრიტერიუმებს: მთავრობის სტაბილურობა, მთავრობის ალტერნატივების იდენტიფიცირებადობა, ამომრჩეველთა პრეფერენციების წარმოდგენის სიზუსტე, ადგილობრივი ინტერესების წარმომადგენლობა, პარლამენტის წევრების პერსონალური ანგარიშვალდებულება, პარტიების ეროვნულ დონეზე ორიენტირება, თანმიმდევრული და დისციპლინირებული პარტიები (Shugart & Wattenberg, 2003b, p. 582). სარტორის მიხედვით, საარჩევნო სისტემების შეფასების კრიტერიუმებია: სტაბილური ეფექტური მთავრობა, დეპუტატთა მუშაობის ხარისხი, კავშირი დეპუტატებსა და ამომრჩევლებს შორის, ექსტრემისტული და ანტისისტემური პარტიების შეკავება და წარმომადგენლობის სიზუსტე (Sartori, 1997, pp. 55–69). პროპორციული წარმომადგენლობის დამოუკიდებელი კომისიის (2003, 29-32) მიხედვით კი, საარჩევნო სისტემა უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: პროპორციულობა, ამომრჩეველთა არჩევანი, საარჩევნო სისტემის მიმართ ამომრჩეველთა მხარდაჭერა, აქტივობა, დეპუტატების ქცევა და მთავრობის ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთა მიმართ (Gallagher, 2005, p. 570).

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რომელი კრიტერიუმია უპირატესი, მნიშვნელოვანია კონკრეტული პოლიტიკური სისტემის პრობლემების გათვალისწინება. საქართველოს პოსტსაბჭოთა გარდაქმნის პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომ ხმები პროპორციულად არ გარდაისახება ადგილებში, რის გამოც პირველ ადგილზე გასული პარტიები ხშირად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვებასაც კი ახერხებენ, მაშინ, როდესაც ისინი შესაბამისი მხარდაჭერით არ სარგებლობენ. აგრეთვე, საქართველოში არსებული შერეული წევრობის მაჟორიტარული სისტემა არ სარგებლობს პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩეველთა სათანადო მხარდაჭერით. მაღალია აბსენტეიზმის დონე. ამომრჩეველთა ნახევარი უმეტესად არ ცხადდება არჩევნებზე. საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვნად დაბალია ქალთა წარმომადგენლობის დონე. პოლიტიკური პარტიები საყოველთაო ორიენტაციას ინარჩუნებენ და ისინი არ ეყრდნობიან საზოგადოებაში არსებულ სოციალურ სტრუქტურას. პარტიების გამმიჯნავი ხაზი თითქმის არ არის იდეოლოგია. ისინი ლიდერების გარშემო ერთიანდებიან ან ძალაუფლების ცენტრს ეყრდნობიან. პარტიული სისტემა კი ჯერაც ვერ აღწევს ჩამოყალიბებულ სახეს. ელექტორატი არც მხოლოდ ორ პარტიას შორის იყოფა და არც სხვა პარტიები აღწევენ მნიშვნელოვან სტაბილურ წარმატებას.

შერეული წევრობის მაჟორიტარულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებთან შედარებით, პროპორციული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა სამართლიანი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რაც წარმომადგენლობით ორგანოში ადგილების საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ყველაზე მიახლოებული პროპორციულობით განაწილებაში გამოიხატება. მაიკლ გალაგერის მიხედვით, არაპროპორციულობა გულისხმობს განსხვავებას პარტიების ხმების წილსა და ადგილების წილს შორის. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების წილი ზუსტად არ შეესაბამება მათ მიერ მოპოვებული ადგილების წილს, ფიქსირდება არაპროპორციულობა (Gallagher, 2005, p. 602). იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში პროპორციული სისტემის გამოყენებას თან ახლავს სამართლებრივი ან ბუნებრივი ბარიერის არსებობაც, აბსოლუტური პროპორციულობა არც აღნიშნული სისტემის პირობებში მიიღწევა, თუმცა არაპროპორციულობის დონე პროპორციული საარჩევნო სისტემის გამოყენებისას ყველაზე დაბალია (Gallagher, Laver & Mair, 1995; Lijphart, 1994). პიპა ნორისის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის მიერ მიღებული ადგილების შედეგებიდან გადახრა („გამარჯვებულის ბონუსი“) საშუალოდ 12,5%-ია. შერეულ საარჩევნო სისტემებში აღნიშნული მაჩვენებელი 7,4%-იან პუნქტს შეადგენს, ხოლო პროპორციულ სისტემებში საშუალო გადახრა 5,7%-ია. ამდენად, მაჟორიტარული სისტემის პირობებში, პარტიამ, რომელიც 37,5%-ზე მეტ ხმას იღებს, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს (Norris, 1997, p. 307).

ლეიპჰარტმა (1994) შეისწავლა სხვადასხვა საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყნებში არაპროპორციულობის საერთო დონე, გალაგერის უმცირესი კვადრატული ინდექსის (LSq) საფუძველზე, რომელიც არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის შედეგს ითვალისწინებს. კვლევის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მქონე 6 ქვეყანაში არაპროპორციულობის LSq საშუალო ინდექსმა 10,9, შერეული სისტემის მქონე 5 ქვეყანაში საშუალო არაპროპორციულობის დონემ 6,9, პროპორციული სისტემის მქონე 15 ქვეყნის არაპროპორციულობის საშუალო ინდექსმა კი 4,4, შეადგინა (Lijphart, 1994, in Gallagher, 2005, p. 546).

ქვემოთ წარმოდგენილია სკატერგრამები, რომლებზეც გავლებულია წრფე. იდეალური პროპორციულობის შემთხვევაში პარტიების მიერ მიღებული ხმებისა და ადგილების წილები მოცემულ წრფეზე უნდა გადაიკვეთოს. რაც უფრო დაშორებულია მისგან აღნიშნული მაჩვენებლები, მით უფრო მაღალია არაპროპორციულობის დონე. როგორც წარმოდგენილი დიაგრამებიდან ჩანს, ყველაზე პროპორციული განაწილება პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში ვლინდება. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ყველა ტიპის გამოყენებისას კი არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვნად მაღალია. რაც შეეხება შერეულ საარჩევნო სისტემას, შერეული წევრობის პროპორციული (MMP) სისტემის გამოყენებისას, როდესაც მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი არაპროპორციულობა პროპორციული განაწილებით კომპენსირდება, არაპროპორციულობის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე პარალელური, შერეული წევრობის მაჟორიტარული (MMM) სისტემის შემთხვევაში, როდესაც ადგილების კომპენსირება არ ხდება.

პარტიების მიერ მიღებული ხმებისა და ადგილების პროპორციულობა (აღებულია ნორისისაგან) (Norris, 2004, pp. 90-91)

პროპორციული საარჩევნო სისტემის მეორე უპირატესობა ამომრჩეველთა აქტივობის ზრდაზე დადებითი გავლენაა. პროპორციული სისტემის პირობებში ამომრჩეველთა აქტივობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში. აღნიშნულს განაპირობებს საარჩევნო სისტემის ფსიქოლოგიური ფაქტორი. პროპორციული სისტემის მოქმედების პირობებში ამომრჩევლებმა იციან, რომ მათი ხმა მანდატებში გარდაისახება, იმ შემთხვევაშიც, თუკი აღმოჩნდება, რომ მათი განწყობა უმცირესობას წარმოადგენს. ამიტომ ამომრჩევლებს არჩევნებზე წასვლის უფრო მეტი მოტივაცია აქვთ, ვიდრე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გამოყენებისას, როდესაც ყველაფერი გამარჯვებულს მიაქვს. ნორისის კვლევის მიხედვით, 1990-იან წლებში ჩატარებულ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა გამოიყენებოდა, ამომრჩეველთა აქტივობის დონემ 70% შეადგინა. მაშინ, როდესაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყნებში აქტივობის საშუალო მაჩვენებელი 60,4%, შერეული სისტემის მქონე ქვეყნებში კი 64% იყო (Norris, 2004, p. 162).

დიუვერჟეს ჰიპოთეზის მიხედვით, პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა კი, დიუვერჟეს კანონის შესაბამისად, ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას განაპირობებს (Duverger, 1954).

დიუვერჟეს მიხედვით, მაჟორიტარული სისტემისგან განსხვავებით, რომელიც პოლარიზაციის გამომწვევია, პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება დეპოლარიზაციის წინაპირობაა (Duverger, 1959). საარჩევნო სისტემის გავლენა პარტიულ სისტემაზე მექანიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით გამოიხატება. მექანიკური ეფექტი ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულის მიერ ყველაფრის მიღებასა და უმცირესობის ხმების კარგვაში გამოიხატება. ეს უკანასკნელი კი ამომრჩეველთა განწყობებზეც ახდენს გავლენას. საკუთარი ხმის დაკარგვის შიშით ისინი უფრო ძლიერ პოლიტიკურ ძალებს აძლევენ ხმას, რასაც პარტიული სისტემა ორ მთავარ მოთამაშემდე დაჰყავს. აღწერილი გარემოება საარჩევნო სისტემის ფსიქოლოგიურ ეფექტს შეესაბამება (Duverger, 1954).


საპარლამენტო პარტიების ეფქტური რაოდენობა საარჩევნო სისტემათა ოჯახის მიხედვით (აღებულია პიპა ნორისისგან) (Norris, 2004, p. 87)

პარტიულ სისტემას ყველაზე ხშირად ლააკსოსა და ტააგეპერას (1979) მიერ შემოთავაზებული ეფექტიანი პარტიების რაოდენობით აღწერენ.[1]ნსაარჩევნო სისტემას კიდევ ერთი ეფექტი პარტიული გამმიჯნავი ხაზების არსებობაზე აქვს. ლიპსეტმა და როკანმა თავიანთ შედარებით ანალიზში წარმოადგინეს ძირითადი ტიპის გამმიჯნავი ხაზები (Cleavages), რომლებიც საზოგადოებაში არსებულ სოციალურ კონფლიქტებს ასახავენ და პარტიულ პოლიტიკაში გადაიზრდებიან (Lipset & Rokkan, 1967). მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პირობებში პარტიების საარჩევნო სტრატეგია ორიენტირებულია ამომრჩეველთა ხმების მაქსიმიზაციისკენ. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვების მისაღწევად ისინი რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის მიმხრობას ცდილობენ. ამის გამო ყალიბდებიან საყოველთაო (Cach of all) ტიპის პარტიებად, რაც „დიდ კარავს“ წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ადამიანები იყრიან თავს. აღნიშნულისგან განსხვავებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოქმედებისას პარტიების სტრატეგია ორიენტირებულია გარკვეული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების მიმხრობისკენ. პარტიებს შეუძლიათ მოქალაქეთა სოციალური იდენტობის მიხედვით ამომრჩეველთა მობილიზება მოახდინონ. გამმიჯნავ ხაზები შეიძლება, დაიყოს სოციალური კლასის ან რელიგიის მიხედვით. მაგალითად, სოციალისტური პარტიები ორიენტირდებიან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ეკონომიკური თანასწორობა, გადანაწილებითი ეკონომიკური პოლიტიკა, კეთილდღეობის პროგრამების უზრუნველყოფა განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით და ა.შ. კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიები კი ამომრჩევლის მობილიზებისთვის ძირითადად ფოკუსირდებიან ტრადიციულ ღირებულებებზე, ოჯახზე, კანონსა და წესრიგზე და სხვ. (Norris, 2004, p. 119). ორისის ნაშრომის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყნებში ეფექტიანი პარტიების რაოდენობამ საშუალოდ 2,42 შეადგინა. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებელი 4,45-ს აღწევს. მათ შორის შუალედურ ადგილს იკავებს შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ეფექტიანი პარტიების რაოდენობა (3,54) (Norris, 2004, p. 87).

პიპა ნორისის მიხედვით, პარტიები მემარცხენე-მემარჯვენე სკალაზე კლასიფიცირდებიან შემდეგ იდეოლოგიურ ოჯახებად: კომუნისტური, ეკოლოგიური, სოციალ-დემოკრატიული, მემარცხენე ლიბერალური, ლიბერალური, ქრისტიან-დემოკრატიული, მემარჯვენე-ლიბერალური, კონსერვატიული და ნაციონალისტური/რელიგიური (Norris, 2004, p. 103). ნორისის ნაშრომის მიხედვით, საზოგადოების სოციალური სტრუქტურისა და იდეოლოგიის გავლენა იმაზე, ამომრჩევლები ხმას აძლევენ მემარცხენე თუ მემარჯვენე ძალებს, უფრო მძლავრად გამოიხატება პროპორციული წარმომადგენლობის საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყნებში (Norris, 2004).

პროპორციული საარჩევნო სისტემის კიდევ ერთი უპირატესობა ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობისათვის უფრო მეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფაში მდგომარეობს.  ნორისის მიხედვით, იმ ქვეყნებში სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებდნენ, 2000 წელს, პარლამენტში ქალი დეპუტატების წილი 15,4%-ს შეადგენდა. შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში აღნიშნული მაჩვენებელი 11,3%, ყველა ტიპის მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში კი მხოლოდ 8,5% იყო. აღსანიშნავია, რომ შერეული პარალელური სისტემის მქონე ქვეყნებში ქალთა წარმომადგენლობის დონე უახლოვდება მაჟორიტარული სისტემის მაჩვენებელს. 21 ქვეყანაში, რომლებიც საქართველოს მსგავს საარჩევნო სისტემას იყენებდნენ, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთა მხოლოდ 8,7% იყო ქალი (Norris, 2004, p. 187). ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალთა წარმომადგენლობის მაღალ დონეს, საარჩევნო სისტემასთან ერთად, განსაზღვრავს სხვა ფაქტორებიც. მათ შორის სამართლებრივი სავალდებულო კვოტების დაწესებაც. კანონით განსაზღვრული გენდერული კვოტები ზრდის  ქალთა წარმომადგენლობის დონეს. მასზე გავლენას ახდენს ნებაყოფლობითი გენდერული კვოტების გამოყენება და პარტიების შიგნით კანდიდატთა შერჩევის პროცესიც (Norris, 2004).

მართალია, იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს, მაგრამ საარჩევნო სისტემის კრიტერიუმების ანალიზი გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ, თუ რომელი ტიპია უკეთესი კონკრეტული პოლიტიკური სისტემისათვის. პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობებს ძირითადად ისეთი კრიტერიუმები განსაზღვრავს, როგორებიცაა: წარმომადგენლობის, ამომრჩეველთა პრეფერენციების წარმოდგენის სიზუსტე, პარტიების ეროვნულ დონეზე ორიენტირება, საარჩევნოსისტემისმიმართამომრჩეველთამხარდაჭერა,  აქტივობადა სხვ. მოცემულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს საქართველოში მთლიანად პოსტსაბჭოთა პერიოდში მოქმედი შერეული წევრობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. განსაკუთრებულ პრობლემას კი არჩევნების შედეგების არაპროპორციულობა წარმოადგენს. პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ 5 ძირითადი არგუმენტის გამოყოფა შეგვიძლია. იგი უზრუნველყოფს ადგილების ხმებთან ყველაზე პროპორციულად განაწილებას, ამომრჩეველთა აქტივობის, ქალთა წარმომადგენლობის უფრო მაღალ დონეს, წარმოშობს მრავალპარტიულ სისტემას და პარტიულ პოლიტიკაში გამოკვეთს გამმიჯნავ ხაზებს, რაც ხელს უწყობს მასობრივი, იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიების ჩამოყალიბებას.

ბიბლიოგრაფია

Duverger, M. (1954). Political Parties: Their Organization and Activity in the Modern State. Wiley, New York.
Duverger, M. (1959). Political Parties: Their Organization and Activity in the Modern State. Second English Revised edn. London: Methuen & Co.
Gallagher, M. (1991). Proportionality, disproportionality and electoral systems. Electoral Studies, 10, 33-51 
Gallagher, M. (2005). Conclusion. In M. Gallagher & P. Mitchell (Eds.). The politics of electoral systems(pp. 535-578). Oxford: Oxford University Press.
Gallagher, M., Laver, M. & Mair, P. (1995). Representative Government in Modern Europe NY: McGraw Hill.
Independent Commission on PR (2004). Changed Voting, Changed Politics: Lessons of Britain’s Experience of PR since 1997. London: Constitution Unit, School of Public Policy, UCL.
Laakso, M. & Taagepera, R. (1979). „Effective“ Number of Parties: A Measure with Application to West Europe’, Comparative Political Studies, 12: 3–27.
Lakeman, E. (1974). How Democracies Vote: A Study of Electoral Systems. London: Faber and Faber.
Lijphart, A. (1994). Electoral Systems and Party Systems: A Study of Twenty-Seven Democracies, 1945–1990. Oxford: Oxford University Press.
Lipset S. M. & Rokkan, S. (1967). Cleavage structures, party systems and voter alignments: an introduction, in S.M. Lipset and Stein Rokkan (eds), Party Systems and Voter Alignments. New York: Free Press, pp. 1-64.
Norris, P. (1997). Choosing Electoral Systems: Proportional, Majoritarian and Mixed Systems. International Political Science Review. Vol. 18, No. 3, 297-312
Norris, P. (2004). Electoral Engineering: Voting Rules and Political Behaviour. Cambridge: Cambridge University Press.
Reilly, B. (2001). Democracy in Divided Societies: Electoral Engineering for Conflict Management. Cambridge: Cambridge University Press.
Sartori, G. (1997). Comparative Constitutional Engineering: An Inquiry into Structures, Incentives and Outcomes, 2nd edn. Basingstoke: Macmillan.
Shugart, M. S. & Wattenberg, M. W. (2001). Mixed-Member Electoral Systems: The Best of Both Worlds? Oxford: Oxford University Press.


შენიშვნები

[1]იხ. Gallagher, M. (1991). Proportionality, disproportionality and electoral systems. Electoral Studies, 10, 33-51  

[1]ეფექტიანიპარტიებისრაოდენობა – ENP(Effective Number of Parties) – ისეთიპარტიებისრაოდენობა, რომლებსაც გააჩნიათწონა და შედარებითი სიძლიერე. გამოითვლება ლააკსოსა და ტააგეპერას მიერ შემუშავებული ფორმულის შესაბამისად. ENP გამოითვლება არჩევნებისა და პარლამენტის მიხედვით – ეფექტიანი საპარლამენტო პარტიების რაოდენობა – ENPP (იხ. Laakso & Taagepera, 1979).


ნაშრომი ქვეყნდება პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა სოციალური საკითხებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.