fbpx

პროექტი: ადამიანის უფლებები (კრიტიკული პერსპექტივები)

მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმების შედეგად ადამიანის უფლებების სწავლების კუთხით გარკვეული ცოდნები იწარმოა, ის სრულად ვერ ასახავს საზოგადოებაში მიმდინარე მწვავე სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საჭიროებებს. აღნიშნული რეფორმები ორიენტირებული იყო დომინანტური ცოდნის შექმნასა და კვლავწარმოებაზე. შედეგად, აკადემიებში ნაკლებად იქმნება ისეთი ტიპის ანალიტიკური კვლევები, რაც საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ კრიზისებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე რეფლექსიას ხელს შეუწყობდა. ამ პროცესებმა დააბრკოლა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის, ადამიანის უფლებების, თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული გარემოსა და დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესი. აკადემიური, არასამთავრობო და სხვა სამოქალაქო სივრცეების, ასევე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების თბილისში კონცენტრირებამ, რეგიონები გარკვეულწილად გამოთიშა ამ პროცესისგან. ამასთან, სხვადასხვა არაფორმალური განათლების მექანიზმები (არაფორმალური განათლების კურსები, ტრენინგები, ვორქშოპები და ა.შ) ორიენტირებულია სერვისის ერთჯერადად მიწოდებაზე და არათანმიმდევრულია, რაც ცოდნის მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობებს ვერ ქმნის და მისი აუდიტორიაც მკაცრად ლიმიტირებულია. საზოგადოებაში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენის გაზიარება, რაც შესაძლოა კავშირში იყოს სისტემურ და თანმიმდევრულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობასთან და არსებული რეალობის კრიტიკულად შეფასებასთან.

პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების საკითხებთან მიმართებაში საჯარო სივრცეებში კრიტიკული ცოდნის წარმოების ხელშეწყობა; ამ პროცესში სტუდენტების ჩართულობის მხარდაჭერა, რათა მათ გამოუმუშავდეთ საკუთარი უფლებების დაცვისათვის საჭირო უნარები.

პროექტის ფარგლებში:
1. შეიქმნება ონლაინ სასწავლო კურსი
2. ადგილობრივად ჩამოყალიბდება სადისკუსიო პლატფორმა 6 საუნივერსიტეტო ქალაქში
3. მომზადდება თარგმანების კრებული, სტატიები და ბლოგები.
4. ჩატარდება ინტერდისციპლინური ფორუმი/კონფერენცია ადამაინის უფლებების საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება ,,ღია საზოგადოების ფონდის”  ადამიანის უფლებების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ვადები: 07.2019 – 03.2020

პროექტის ბიუჯეტი: 14 520.00 USD

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.osgf.ge