fbpx

თამბაქოს კონტროლი საქართველოში – STEPS

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

საქართველოს რეგიონში მწეველთა დონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. STEPS 2010 და 2016 კვლევების შედეგების მიხედვით, მწეველობის გავრცელების ტენდენცია ზრდადია; საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 33% მწეველია; მათ შორის57% მამაკაცი და 7% ქალია. შარდში კოტინინის ტესტის მიხედვით, ქალებში თამბაქოს მოხმარების რეალური მაჩვენებელი 12.2%-ია.

საქართველოში თამბაქოს მოიხმარს დაახლოებით 1.1 მილიონი, რომელთაგან 40%‐ის თავის დანებება სურს. სიგარეტის მოწევა თამბაქოს მოწევის ექსკლუზიური ფორმაა. უკვამლო თამბაქოს გამოყენება ძალიან დაბალია და ამჟამად არ წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას.

ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების გლობალური კვლევების მიხედვით (GYTS 2014‐2017) მოწევის გავრცელება ასევე ზრდადის 13‐15 წლის ასაკში; GYTS 2017 გვიჩვენებს, რომ 13‐15 წლის მოზარდების 12%თამბაქოს მოიხმარს (17% ბიჭები, 8% გოგოები), გასულ წელს მათ 60% ‐ს ჰქონდა შეწყვეტის მცდელობა.

16 წლის მოზარდებში ჩატარდა ალკოჰოლის, თამბაქოსა და და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი (ESPAD), რომელმაც აჩვენა ამჟამინდელი მწეველების მაღალი მაჩვენებლები (26% -ბიჭებში, 9% -გოგონებში, 18% – ჯამში.)

თამბაქოს მოხმარება საქართველოში ყოველწლიურად 8000-11000 (ზოგადი სიკვდილიანობის22%) ადამიანს კლავს, და წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა, კიბოსა და რესპირატორული დაავადებების უმთავრეს მიზეზს.

ძირითადი მიღწევები

2013 წელს, თამბაქოს ეპიდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის გამანადგურებელი შედეგებისა და ეკონომიკური წნეხის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ შექმნა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი. კომიტეტს ხელმძღვნელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.კომიტეტის მიზანია თამბაქოს კონტროლის ახალი პოლიტიკის შემუშავება და ადვოკატირება,ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა (FCTC) და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. კომიტეტის მუშაობის შედეგად შეიქმნა თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია (მთავრობის დადგენილება #196, 2013), 5 წლიანი სამოქმედო გეგმა (მთავრობის დადგენილება #304, 2013); საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის მარტში მომზადდა,თუმცა არ დამტკიცებულა შესაბამისი ცვლილებები 5 კანონში.

2013 წელს საქართველოში ჩატარდა WHO FCTC-ის საჭიროებების შეფასების ერთობლივი მისია,რის შედეგადაც დადგინდა რეკომენდაციების ნუსხა. შემდგომ ქვეყნის გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე განხორციელდა საჭიროებების შეფასების შემდგომი დახმარება.

2017 წლის 30 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები თამბაქოს კონტროლის კანონპროექტებში, რასაც ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა. ცვლილებები შევიდა შემდეგ კანონებში: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“, „ლატარიის,აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და„ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა შესახებ კოდექსში“.

თამბაქოს კონტროლის რეგულაციების მნიშვნელოვანი საკითხები

• მოწევის აკრძალვა (მათ შორის ელექტრონული სიგარეტების და ჩილიმის) ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და შენობაში, გარდა კერძო სახლებისა, ციხეებისა, კაზინოებისა და ტაქსებისა. საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის დაწესებულებებისა და ახალგაზრდული მასობრივი აქტივობების ღია სივრცეებში მოწევის აკრძალვა. დარღვევაა არა მხოლოდ მოწევა, არამედ შენობაში კვამლის, ნამწვის და ჩილიმის არსებობა. აკრძალულ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა ძალაში შევიდა 2018 წლის 1 მაისიდან

• თამბაქოს ყველა ფორმის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების აკრძალვა, მათ შორის მათი გამოფენა სავაჭრო დახლებზე და თამბაქოს მოხმარების დემონსტრირება ფილმებსა და მასობრივ წარმოდგენებში. რეგულაციების ნაწილი ძალაში შევიდა 2018 წლის 1 მაისიდან

• სამედიცინო გაფრთხილების ზომის 65%-მდე გაზრდა და სავალდებულო პიქტოგრამული გაფრთხილება მოსაწევი თამბაქოს კოლოფის წინა მხარეს

• სტანდარტული სიგარეტის შეფუთვის (სადა შეფუთვა) შემოღება. ძალაში შედის 2022 წლის 1 იანვრიდან

• ინდუსტრიის პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობის აკრძალვა ჯანმრთელობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში

• „დრაივ ტობაკო“-ს აკრძალვა

• კანონის ადმინისტრირების განახლებული მოდელი – პასუხისმგებლობა მოწევის აკრძალვაზე ეკისრება ორგანიზაციებსა და მათ მესაკუთრეებს, დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმებით, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე