fbpx

გიორგი ღვინჯილია: ბრძოლა სამეგრელოსთვის

ბრძოლა სამეგრელოსთვის

ავტორი: გიორგი ღვინჯილია

ზუგდიდში სიტუაციაში უკეთ გასარკვევად დარეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავედი, რადგან ვთვლი, რომ ქართული მედია ჩვეული სწორხაზოვნებითა და ზედაპირულობით უდგება სამეგრელოში მიმდინარე მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესს. შექმნილი სიტუაციიდან სწორი დასკვნების გამოტანა და საერთო თანხმობაზე ორიენტირებული დისკუსია გვმართებს. მოცემული ტექსტი ისტორიის ფრაგმენტული მიმოხილვის, ჩემი დაკვირვებებისა და შთაბეჭდილებებისაგან შედგება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც თბილად მიმიღო და ჩემთვის მეგრული ენის მიღმადაფარული, რთული სიტუაციის არსის ჩვენებას ეცადა.

   ***

„დოდო გუგეშაშვილს რომ კითხო, დოდომაც კი… ქალია ხო კაცო, და ვაჟკაცი ქალია, დოდომაც გადაწვა ერთი სოფელი…“ – ე.შევარდნაძე

მაკდონალდსის ტერასიდან ზუგდიდის ბულვარისა და მოედნის ხედი იშლება,  ერთ დროს მოშიშვლებულ პედესტალზე სტალინის ქანდაკება იდგა, ხოლო 93 წლის 25 სექტემბერს იგივე პედესტალიდან ხალხით გადაჭედილ მოედანს უკვე საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მიმართავდა. მრავალათასიანი აქცია გამსახურდიას სიტყვას რამდენიმეჯერ აწყვეტინებს, ცისკენ ავტომატები და გარდაცვლილების სურათებია აშვერილი, ირგვლივ გამამხნევებელი მეგრული შეძახილები ისმის, რომლებიც ზვიადს ბოლომდე ბრძოლას ავალდებულებენ და ერთგულებას პირდებიან. სკანდირება ჩერდება და გამსახურდია ჩვეული ემოციით იწყებს: „მეგობრებო საქართველოში მოხდა ისეთი რამ, რაც მსოფლიო ისტორიაში ჯერ არ მომხდარა, სახელდობრ მოხდა არა სამხედრო გადატრიალება, არა სახელმწიფო გადატრიალება, არამედ კრიმინალური გადატრიალება. ვინაიდან ისინი ვინც ეს გადატრიალება განახორციელეს იყვნენ კრიმინალები, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავეები და არა პოლიტიკოსები, ან სამხედროები…“– [1]ეს „მხედრიონის“ ოპერაციით დასჯილი,[2]ისტორიის ქარტეხილებში დამარცხებული ძალისხმევა, ღრმად ჩაიბეჭდა სამეგრელოს ნერვულ სისტემაში. შემთხვევითი არ ყოფილა რომ ვარდების რევოლუციისას დასავლეთიდან დაძრული კოლონა სწორედ სამეგრელოდან მოდიოდა, ადგილობრივებს შევარდნაძისა და ხუნტის მემკვიდრეობაზე გამარჯვების სურვილი ამოძრავებდათ – ბულვარში ჩართული დინამიკებიდან პატრიოტული სიმღერები ისმის, მის ცენტრში გამსახურდიას ბიუსტი დგას, აქ პირველმა პრეზიდენტმა უკვე ლენინის ძეგლი ჩაანაცვლა. აქვე მდებარე ზუგდიდის მერიის შენობაზე კი შემდეგი წარწერა იკითხება:„1993 წელს ამ შენობაში მოღვაწეობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“. 2013 წელს ზუგდიდში დიდი ზეიმით გაიხსნა კიდევ ერთი ბიუსტი. სკოლის მოსწავლეები ჩოხებში, ყვავილები და ღორისთავიანი ოცნების ჩინოვნიკები – ბიუსტი მერაბ კოსტავას ეკუთვნის[3]. პოლიტიკურ ელიტას რომელიც მეგრელებზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ამ ძეგლებთან, როგორც მაშინდელ ძალისხმევაზე დადგმულ საფლავის ქვებთან უწევთ საუბარი. არჩევნების მოგების მიზნით, გამსახურდიას სახელთან ქედის მოხრა მის ყოფილ მტრებსა და კრიტიკოსებსაც მოუწიათ, მათ ვინც ფინანსურ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას სწორედ იმ სამყაროში მიაღწიეს, რომელიც ეროვნული მოძრაობის განადგურებით შეიქმნა. 

ყველას კარგად ესმის, რომ სამეგრელოში დიდი ამბავი წყდება, ქალაქში უამრავი თბილისელია და ქვეყნის ყველა წამყვანი არხის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს -„არასდროს გვინახავს ამდენი ჩამოთრეული“ – ხუმრობენ ადგილობრივები. მობილიზებულია სპეცრაზმიც, განსაკუთრებით ეჭვიანები დივერსიას ელოდებიან, ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ოპონენტი ყველაფერზეა წამსვლელი. საღამოს 9 საათზე, ოცნების აქტივის მანქანები ქალაქის ირგვლივ ხმაურითა და დროშების ფრიალით იწყებენ მოძრაობას, ზეიმს სიზანტე და ხალისის ნაკლებობა ეტყობა. გამსახურდიას ბიუსტს დაღლილი ფეიერვერკი ანათებს. წინა დღის დაძაბულობა, არეული პროგნოზები და ფიზიკური დაპირისპირების მოლოდინი თითქოს არ ყოფილა. სათამაშო პარტია დასრულებულია, შოუ არ იქნება, ზურგს უკან დამალული დანები  იკეცება, ხვალიდან ქალაქი ჩვეულ ტემპში გააგრძელებს ცხოვრებას. ამომრჩევლები და კოორდინატორები სახლებისკენ მიდიან, განსაკუთრებული სიხარული არავის ეტყობა. ამბობენ, რომ სანდრა განმუხურიდან რევოლუციის დაწყებით იმუქრება, მიშამ  ვერ გათვალა – მეგრელები ერთმანეთს ზუგდიდში არ დაუპირისპირდებიან.

არჩევნის არ არსებობის, სიღარიბის, უსამართლობის, კორუფციის, მედია მანიპულაციების და ადგილობრივი ფეოდალიზმის მიუხედავად, ზუგდიდი საკუთარ თამაშს თამაშობს. თბილისიდან ნასროლ მზერას კი როგორც ყოველთვის მთავარი გამორჩება. ამ თამაშის ლოგიკის საჩვენებლად რამდენიმე ისტორიის მოყოლა და პროცესში ჩართული სოციალური ძალების გაანალიზება დაგვჭირდება.

ახალაიები, მეგისი და კოხტა

 „მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, როცა თბილისში ვმუშაობდი, ყოველ კვირა ჩავდიოდი ჩემს მშობლიურ ზუგდიდში, არ მეგონა, თუ ამდენ ხანს გავძლებდი ზუგდიდის გარეშე. მე ხომ ამ ქალაქში გამოვიარე ყველაფერი: მახსოვს „მხედრიონის“ თარეში მის ქუჩებში, მახსოვს მრავალი უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი მის ქუჩებში, მახსოვს მრავალი ახალგაზრდის უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლე მის ქუჩებში, მახსოვს და მტკივა რომ დღეს ასეთი გაუსაძლისი პირობებია…ამავდროულად, მეამაყება, რომ ცოტახნით მაინც შევძელი ამ ყველაფრის შეჩერება, ამასთანავე მჯერა რომ მალე კვლავ შევძლებ უფრო დიდი ხნით შეჩერებას და ჩემი მთავარი მიზნის მიღწევას – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მონაწილეობის მიღებას და აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებას… – მეგის ქარდავა.[4]

იმ კადრებთან ერთად, რომლებმაც ინტერნეტში გაჟონა, სათაურში ნახსენებ პირებს ჩვენებებსა და ზეპირ ისტორიებში ასეთი სცენებით იხსენებენ – “დამირეკეს, კაცი გვყავს დაჭერილი და უნდა “გააქათმოო“. მე დავთანხმდი. ამაში 55 ლარი გადამიხადეს“, „ჩვენების შეჭმა მაიძულა, თან თვალებში მიყურებდა“, „თავს ბეტონს ვურტყამდი რომ გავთიშულიყავი, ერთერთმა ჩექმა თავზე დამაჭირა, მეორე მაკავებდა, მესამე მხდიდა“, „მემუქრებოდა თოთხმეტი წლის შვილს გაგიუპატიურებო“, „იატაკზე აფურთხებდა და ქალს მოწმენდას აიძულებდა“, „გაუპატიურებით და ვიდეოს დედაჩემისთვის ჩვენებით მემუქრებოდა“, „სარკმლიდან მაყურებინებდა როგორ აუპატიურებდა ორი ნიღბიანი დაბმულ ბიჭს და მეუბნებოდა შენც იგივე მოგივაო“, „კანონიერი ქურდი გია ზვიადაძის სახლში ბიჭი გააშიშვლეს და ბილიარდის მაგიდაზე დააბეს“, „სახეში მაფურთხებდა და მოღალატეს მეძახდა“ – ახალაიები და არა ბოკერია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას და უმცირესობების დაცვას ამ ცოფიანი რაზმის ზურგს ამოფარებული ცდილობდა, ხოლო შემდეგ მათზე ხელის შეწმენდა ცადა. მათი წარმოდგენა მარტივად შეიძლება გესტაპოს ფორმებში წინ გაშვერილი ხელით – ძაღლური ერთგულებით, საკუთარი ღვთაების საფლავში ჩაყოლის მტკიცე ნებით, მათი იერუსალიმი სოხუმია – „ყველას მოუწევს, ოღონდ არა კომუნისტური და ლენინური მარქსისტული, არამედ ნამდვილი ეროვნული სასამართლოს წინაშე პასუხის გება“[5]– მიმართავდა ახალაია მოსამართლეებს, საუბარს თითქოს ფონად გასდევს – კრიმინალური მენტალიტეტი და რუსეთზე გაყიდულები, „რეფორმები ყველაფრის ფასად გატარდა“ – რაღაც მომენტში სიტყვები ყეფასა და ყმუილში გადადის.  ისინი მიშა არიან, მიშა კი ისინი. ფიქრის ამ მომენტში ადამიანს მთავარი კითხვა აღმოხდება – თუ ეს ყველაფერი მოხდა, მაშინ რატომ აძლევს მეგრელების თითქმის ნახევარი ხმას ნაციონალურ მოძრაობას? თბილისელებისთვის ეს ხშირად გაუგებარი და აღმაშფოთებელი არის – „მეგრელებს არ ენდო, მაგათ ახალაია მოენატრათ“.

ამ პერსონაჟების აღწერა კიდევ ერთხელ დაგვჭირდება, ქალაქის მითოლოგია ასეთ ამბავს გვიყვება – კასრებში შენახული კადრების უშუალო შემოქმედი, რეჟისორი და ოპერატორი კოხტა კოდუა შევარდნაძის მთავრობის დროს ზუგდიდთან მდებარე ერთი პატარა სოფლის რწმუნებული იყო, რომელსაც ზუგდიდის პოლიციაში მუშაობის პერსპექტივა ხიბლავდა. დაძაბულ მომენტებში კოხტა ყოველთვის სახელმწიფოს სახელით საუბრობდა, 2011 წელს 17 წლის ზუგდიდელმა ბიჭმა, რომელსაც განყოფილებაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ კოხტას ყბა მოტეხა, რასაც 6 წლიანი პატიმრობა მოყვა**. ბუნკერის ლოჯისტიკა, რომელშიც „ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და ამის ვიდეო ფირზე აღბეჭდვის ფაქტები ხდებოდა“ სწორედ კოხტას ებარა, გაუპატიურების ერთერთ ვიდეოში ოპერატორი კამერას საკუთარი თავისკენ ატრიალებს, ამ მომენტში კადრში კოხტას კმაყოფილი სახე ჩნდება, რომელმაც ასე ვთქვათ ვერ მოითმინა და საკუთარი დასწრებულობის ფირზე აღბეჭდვა გადაწყვიტა. ამბობენ, რომ 2010 წელი კოხტასთვის განსაკუთრებული გამოდგა, მაშინ მიშამ კოხტა კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა – კოხტა ამით ცხოვრების ბოლომდე იამაყებს. 2012 წელს არჩევნების მეორე დღეს გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანმა და მეგისმა საქართველოს საზღვრები დატოვეს.

მეგის ქარდავა სააკაშვილის კავალერიის მოწინავე მხედარი იყო, ამას მისთვის გადაცემული გორგასლისა და ღირსების ორდენებიც მოწმობს, მისი თანამდებობები გვეუბნება, რომ მეგისი დარაჯების დარაჯი, სისტემის შიდა და გარე მტრებისგან დამცველი დანაყოფის წევრი იყო, რომელიც ძმებმა ახალაიებმა შექმნეს. მისი დაფარვის არეალში ტერორისტული საფრთხეები, დივერსიები, სისტემის შიგნით შესაძლო ღალატი და კრიმინალურ ელემენტებთან ბრძოლა შედიოდა.  მეგისის ერთადერთი ინტერვიუდან და მასზე დართული კომენტარებიდან შეგვიძლია ნათლად აღვიქვათ, რომ მისი და მისი მიმდევრების ძირითადი მტრები მოღალატეები, რუსული სპეცსამსახურები და ე.წ. ქუჩის ბიჭები იყვნენ. ქარდავას საქმეების ოფიციალურ ჩამონათვალში გაუპატიურებების სერია, ფეხმძიმე ქალის ცემა, მკვლელობები და სხვა ძალადობრივი აქტებია ჩამოთვლილი. კასრების საქმეზე მეგისთან ერთად მისი რამდენიმე ნათესავიც დაიჭირეს.

ამ ადამიანების ბოროტმოქმედების ახსნა ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით და ბავშვობიდან თანდაყოლილი პათოლოგიებით ხდება. სინამდვილეში სამეგრელოში დატრიალებული ამბების გასააზრებლად იმ იდეოლოგიის და სოციალური სტრუქტურის ანალიზია საჭირო, რომელსაც ეს სხეულები მოძრაობაში მოყავდა. ამ ადამიანებს მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ ფსიქოპატები და მანიაკები, მაგრამ საკითხი ბევრად უფრო რთული და მძიმეა – ქარდავას და ახალაიების შეხედულებებს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების დიდი ნაწილი იზიარებს. მათი მიმდევრებისთვის ისინი სამშობლოსთვის წამებული გმირები არიან, ეს სენტიმენტი მიწისქვეშ აგრძელებს ცხოვრებას და კასრებზე ბევრად ღრმად არის დამარხული. 

ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, საკუთარი კოლორიტისა და კულტურის მქონე პატარა ქალაქი, რომელშიც ყველა ყველას იცნობს. მასში კოხტა და მეგისი პატრულირებენ, როლანდი პროკურორია, დათა და ბაჩო რთულ საქმეებს უძღვებიან, სასჯელაღსრულება ჭაკუას და ფაცაციას ჩაბარდა, გუნავა და შამახია და ყველა მათგანის სამეგობრო და სანათესავოც აქვე არის, მათ ხელში კაპიტალი და ძალაუფლება იყრის თავს. პოლიციის ჰიმნად[6]მეგრული აბა ულას გამიქსული ვერსია გამოცხადდა, რომლის თანხლებითაც უტუ მიწავას მეთაურობით აჯანყებული მეგრელი გლეხები ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში მიდიოდნენ. ამ კასტას ერთნაირი მსოფლმხედველობა, ინტერესები და პირადი ტრავმები ამოძრავებს, სახელმწიფომ ქურდულ მენტალიტეტთან და რუსულ კავშირებთან ბრძოლა გამოაცხადა, ხოლო სამეგრელო მისი სასაზღვრო მდგომარეობის გამო ორივეში იყო ეჭვმიტანილი. კლანების ამ ერთობამ ააგო საწამებელი დაწესებულებები, აკონტროლებდა ბიზნესს და მხარეს მთლიანად დაეპატრონა, თანასწორობასა და თავისუფალი აზრის გამოხატვაზე საუბარიც კი ზედმეტია. საზოგადოების ერთი ნაწილი, მეორეზე ძალადობას პატრიოტული მოტივებით ამართლებდა, ხოლო შუაში დაბნეული და ამ მანქანის წინაშე შეშინებული ადამიანები იყვნენ, იყო წინააღმდეგობის მცდელობებიც. 

 სამეგრელოს უახლეს ისტორიას ორი ძირითადი მოვლენა განსაზღვრავს, პირველი ზვიად გამსახურდიას დამარცხება და მხედრიონის სადამსჯელო მისია, ხოლო მეორე სააკაშვილის და ახალაიების რეჟიმის დაფუძნებაა, რომელიც მეგრელებს ისტორიულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას და აფხაზეთში დაბრუნებას პირდებოდა, ხოლო საბოლოოდ საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფასა და ერთი ნაწილის მეორეზე განხორციელებულ კლასბრივ ძალადობაში გადაიზარდა.საკითხზე ფიქრი ამ ორი დებულებიდან და იმის აღიარებიდანუნდა დავიწყოთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამეგრელოს შოკური თერაპიის გამოვლა მოუწია.

სოციალური ჯგუფები და ბიუროკრატია

როდესაც, სადგურიდან ზუგდიდის ცენტრისკენ რუსთაველის გამზირს მიუყვებით, ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული ავეჯის მაღაზიების მწკრივები და მათში გამოფენილი მოოქროვილი სავარძლები გხვდებათ.  ქალაქის ცენტრს ეტყობა, რომ სააკაშვილის პერიოდის რეფორმების დროს ვაჭრობის აღორძინება და ადგილობრივი საშუალო კლასი შექმნა მოხერხდა. ეს კლასი დღემდე ნაციონალური მოძრაობის ერთერთ დასაყრდენად ითვლება. ქალაქის მეორე მხარეს ფაიფურის დასახლებაში, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ჩამწკრივებულ გაძარცვულ ინდუსტრიას დაინახავთ, ფაიფურთან ერთად აქ ერთ დროს თვითმფრინავების ნაწილები, ჩაი, ფქვილი და სხვა პროდუქტები იწარმოებოდა, დღეს ამ შენობებში ძირითადად დევნილები ცხოვრობენ, ქალაქის გარემოვაჭრეების უდიდესი ნაწილიც მათგან შედგება. ქალაქში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია. 2007 წელს ზუგდიდელებს ტრიბუნიდან უკვე სააკაშვილი მიმართავდა, ის დაჟინებით იმეორებდა, რომ ენგური არა საქართველოს დაყოფის, არამედ მთლიანობის სიმბოლოდ გადაიქცევა, ვარაუდობენ რომ აქციაზე ორმოცი ათასი ადამიანი იყო. ყველა სხვა სიტუაციაში ფრთხილ მეგრელებს თითქოს გული უჩქარდებათ, როდესაც პოლიტიკურ ლიდერს გამსახურდიას ამსგავსებენ, მიშაც ამაზე თამაშობდა, მთავრობაში მოსვლის შემდეგ მან გამსახურდიას რეაბილიტირება დაიწყო, პირველი პრეზიდენტის ნეშტი გროზნოდან თბილისში გადმოასვენეს, 2004 წელი გამსახურდიას წლად გამოცხადდა, მერაბიშვილის მეთაურობით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ზვიადის მკვლელობის ფაქტი უნდა გამოეძიებინა, ეროვნული მოძრაობის შემდეგ ტრავმირებული სამეგრელოსთვის ეს ბევრს ნიშნავდა. მიშას აფხაზებისკენ მიმართული რიტორიკაც ბევრ დევნილს აძლევდა იმედს, სააკაშვილი სამეგრელოს საქართველოს გაერთიანების ძირითად პლაცდარმად მოიაზრებდა – „მალე სოხუმში ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად!“ – მიმართავდა მიშა ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას. კომისია კომისიად დარჩა, საქმე ჯერაც არ გამოუძიებიათ, ხოლო აფხაზებთან შერიგების ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკამ მხოლოდ მეტი დაპირისპირება და უნდობლობა შექმნა, თუმცა კორუმპირებული და ადეკვატურობა დაკარგული ქართული ოცნების ფონზე ბევრისთვის მიშა ისევ იმედად მოჩანს.

არჩევნების წინა საღამოა, ზუგდიდელ მეგობრებთან ერთად ქალაქს ვათვალიერებ. ქალაქში ხვალინდელ დღეზე საუბრობენ – „მომეცი ხმა თორემ ისინი დაბრუნდებიანო – შვიდი წელი ამას როგორ გავუმეორებ  ადამიანს, ხვდები რას გვაკადრებენ?! აგერ მეზობელს დაფიცებული აქვს არცერთს არ აძლევს ხმას…“, ქუჩაში ქალბატონი გვესალმება – „თბილისელებმა რატომ უნდა გადამიწყვიტონ აქ რა მოხდება?! ნახე რამდენი ჩამოიყვანეს, ხვალ უნდა ვანახოთ ნაცებს ზუგდიდი…“ – მეგობრები უბნებს მაჩვენებენ – „ესენი ჩემი ნათესავები არიან და მიშას უჭერენ მხარს, აქეთ ოცნების უბანია“ – ქალაქი ორად არის გაყოფილი, შუა თითქოს არ არსებობს. ზოგზე ეჭვობენ რომ ერთს ამბობს და შემოხაზვისას მეორეს გააკეთებს. დაძაბულობის მიუხედავად, ვნებათაღელვა თითქოს გარე დამკვირვებლის თვალისგან იმალება, ქალაქი სახეს ინარჩუნებს და დაყოფას არ იტყობს. სკამზე ჩამომსხდარი მოხუციები გვხვდებიან, მისალმებაზე შეძახილებით გვპასუხობენ – „ვებრძვით სისტემას! სისტემა უნდა დაინგრეს!“- ჰაერი ხვალინდელი არჩევნებით არის დამუხტული, საქმეში არნახული მასშტაბის სახალხო დიპლომატიაა ჩართული,  ყველა ყველას გადარწმუნებას ცდილობს, გარემოვაჭრეები პატარა შავთეთრ ტელევიზორში კურიერს უყურებენ – „ქურდები და ავაზაკები არ გვინდა ბებო, მიშა კი არა სტალინი და ბერია უნდა ამათ! გაძარცვეს საქართველო, დააბრუნეს ოთხმოცდაათიანები“. მშობლები და შვილები, ნათესავები და მეზობლები სხვადასხვა ბანაკებში იმყოფებიან, მაგრამ ქალაქის სიმცირე და გადაჯაჭვული ურთიერთობების მეგრული კულტურა თავისას შვება და ეჭვიანი მზერებისა და დაძაბულობის მიუხედავად ქუჩაში ისევ მეგობრული ჯგირობუა ისმის. მოულოდნელი ამბები მოდის – ქალაქის ცენტრში გვარამია პატრულირებს და გამვლელებს ჩამჭრელ კითხვებს უსვამს, თუ გამოჩნდება მუჭო რექ, მუს ორთუქ და აქ არაფერი საინტერესო ხდება – მაფრთხილებენ მეგობრები, ვინ დათვლის რამდენი ხმა დააკარგვინა ნაციონალურ მოძრაობას ამ აქტის უპატივცემლობამ, სიქაჯემ და სიფეთხუმემ.

2016 წელს სამეგრელო ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით დააკავეს,[7]რეგიონში პოლიციასა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა,[8]ქალაქში ამბობენ რომ მას შემდეგ ნივთიერებების რაოდენობა მხოლოდ გაიზარდა, სავარაუდოდ ერთმა გავლენიანმა კლანმა ბაზარზე მეორე ჩაანაცვლა. უშიშროება და პოლიცია აქაც საყვარელი ჰობით – ბარიგობით – არის დაკავებული. ძალოვანი ბარიგების პარალელურად, სააფთიაქო ნარკომანია და მეტადონისა და სუბოქსინის პროგრამებიც ყვავის, რომლებიდანაც მომხმარებელს ნივთიერებების გამოტანა და ქალაქში გავრცელება თავისუფლად შეუძლია. ძირითად წუხილებს შორის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი რიგითი ადამიანები გამოთქვამენ სიღარიბესა და მთავრობის უპასუხისმგებლობასთან ერთად, ახალგაზრდების აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გაზრდა სახელდება – ეს ის მთავარი და ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი დუეტია, რომლითაც ქართული ოცნების შვიდმა წელმა დაგვამახსოვრა თავი.

სახელმწიფო ბიუროკრატია აქაც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. თავისუფალ უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციაში ლიბერალების გურუ ფრენსის ფუკუიამა ქრთული დემოკრატიის ერთერთ მთავარ გამოწვევაზე სახელმწიფო ბიუროკრატიაზე საუბრობს. საქმე იმაშია, რომ არ არსებული შრომის კოდექსის და კლანური მმართველობის პირობებში, არჩევნების დროს, სახელმწიფო ბიუროკრატია საკუთარი სამუშაო ადგილების დასაცავად იბრძვის, ხოლო ოპოზიციურ აქტივს ამ ადგილების მიტაცება უნდა. საარჩევნო ბრძოლა სამუშაო ადგილებისთვის ბრძოლად იქცევა. ასეთ ბიუროკრატიას ხელიდან ხელში გადასვლის ინსტინქტები ახასიათებს. არჩევნების დროს მისი დიდი ნაწილი ყოველთვის ეძებს უკან დასახევ გზას, იმისათვის რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სამუშაო ადგილი შეინარჩუნოს. ორივე პარტიის მხარდამჭერების მონაყოლებს თუ დავუჯერებთ 2012-შიც დაახლოებით იგივე მოხდა მეგისისა და ახალაიების ქვეშ მომუშავე ბიუროკრატიის ნაწილმა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება მოახერხა, დღეს ისინი ოცნებისთვის აგიტირებენ – „ერთი პოლიციელი თვეში ერთხელ მიჭერდა, წავედი ქალაქიდან. არჩევნების მერე ჩამოვედი და ისევ იგივე მუშაობს, ესაა ოცნება?“ -ამ ფენის შედარებით უზრუნველყოფილი მდგომარეობა ორივე პარტიის რიგითი მხარდამჭერების გაღიზიანებას იწვევს და ამასთანავე არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუ ოცნების ხმებს ამ ბიუროკრატიისა და მის ირგლივ დაგროვებულ ხმებს გამოვაკლებთ, თანაბარ შედეგს ან სულაც ოპოზიციის გამარჯვებას მივიღებთ.

განსაკუთრებით საინტერესო ახალგაზრდობის ის ნაწილია, რომელსაც რუსთავი2 და ჩვენი ახალი ინტელიგენცია „ძველ ბიჭებს“ უწოდებს,  ბოლო წლებში ეს კატეგორია თითქოს გაფართოვდა და ნელნელა უბრალოდ ყველა  მოიცვა, მათი ასე სახელდება ხანდახან კივილით ხდება. საგულისხმოა, რომ ნაციონალებს არც ქალაქის ბირჟები უყვარდათ და არც ახალგაზრდების დასაქმება და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა. ახალი ქართველების უმრავლესობა ნებსით თუ უნებლიედ იმეორებს მეგისის და ბიჭების ავადსახსენებელ შეცდომას, მათი მზერისთვის ყველა ვინც ქალაქის ბირჟაზე დგას ძველი ბიჭია და კრიმინალურ ტრადიციებთან არის დაკავშირებული, რაც ცხადია ასე არ არის. ბირჟები არც ოცნების მენეჯერთა კლასს უყვარს, მათთვის ისინი საზარმაცის, ჩამორჩენილობის და უსაქმურობის სიმბოლოდ რჩებიან, მაგრამ ოცნებას სხვა გზა არ დარჩა – ახალგაზრდები რომლებიც ყველა ქალაქის ბირჟაზე არა სიზარმაცის არამედ შესაძლებლობების არ არსებობის გამო დგანან, ნულოვანი ტოლერანტობის დროინდელი სიმხეცის  უშუალო მოწმეებად რჩებიან, მათთვის ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება წარსულში მომხდარი ძალადობის აუცილებლობის დამტკიცებას ნიშნავს – „ძმაკაცები და ნათესავები გვყავს იმათი მხარდამჭერი, რა ვქნათ ხო არ ვიჩხუბებთ, ვერ აუხსნი ამას თბილისელებს. ამათ წინააღმდეგი სულ ვიქნებით, უბედურება ის არის, რომ მეორე გაყიდულებს უნდა მივცეთ ხმა, დაიღალა ყველა ამ სექტასთან ბრძოლით…“-სიმჭიდროვის გამო ქალაქში ხელის მოსაქნევი ადგილი თითქმის არ რჩება, იმასაც ამბობენ ოცნების დავალებით არჩევნებზე გავლენას კრიმინალური ავტორიტეტები ახდენდნენო, ეს გასაკვირი სულაც არ იქნება, ასეთი ავტორიტეტები არჩევნებზე გავლენას ნაცების სახელითაც ახდენდნენ ხოლმე, ხოლო ვისაც კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა უნდა ხელში არა პრეზერვატივიანი ხელკეტი არამედ სიღარიბესთან ბრძოლის მექანიზმები, წიგნი და სამუშაო ადგილები უნდა მოიმარჯვოს. საერთო ეროვნული ამაოების მეორე მხარეს კი შეწუხებული მშობლები და მეზობლები დგანან, რომლებსაც შვილების დაღუპვისა და ქალაქში თამაშის, ნარკოტიკების და კრიმინალური გავლენების დაბრუნების ეშინიათ.

ჩიხი

ქალაქს ღამე ვტოვებდით. სადგურის მიმდებარე ტერიტორია ქალების, კაცების, მოხუცების და ახალგაზრდებით არის სავსე. გარემოვაჭრეები ისევ რუსთავი 2-ს უყურებენ, მათ სახეზე იმედგაცრუება და  სევდაა ასახული. ყველა სამარშუტო ტაქსი და მატარებელი გადავსებულია, ხმის მისაცემად ჩამოსული, ხუთას ლარიან სამსახურებში გაწამებული ზუგდიდელები მგზავრობის წინა ღერს ეწევიან, არავინ საუბრობს, არავის უხარია.

ბრძოლა სამეგრელოს გულისთვის გრძელდება. ამ ომში ორი ფეოდალური პარტია სამეგრელოს მაცხოვრებლების და მთელ ქვეყანაში გაბნეული დევნილების  გულისა და გონებისთვის იბრძვის. ორი ფეოდალური პარტიის შუაში,  მედია პროპაგანდის სქელი საფარის ქვეშ დამალული ზუგდიდი კი საკუთარ თამაშს აგრძელებს – გამსახურდიას ძეგლთან დაჩოქება და საკუთარი პოზიციების უარყოფა ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანებს მოუწიათ, მეგრელები კარგად ხვდებიან მათ პირფერობას. ფსონები მატულობს, ზუგდიდმა კი მიწისქვეშ მუშაობა იცის, ეს უნარები ქალაქის ინტელიგენციამ რთული ისტორიის შედეგად შეიძინა – სადღაც იქ ხელიდან ხელში, თაობიდან თაობას გადაიცემა მეხსიერება ეროვნული მოძრაობისა და მხედრიონის სადამსჯელო მისიის შესახებ, ისტორიული რწმენა რომლის მიხედვითაც სამივე მთავრობა გაყიდული იყო. პოლიტიკურ ბალანსს, რომელიც ნაკერებზე იხევა და დაპირისპირების სიმძაფრეს, რომელიც ისტორიული გარემოებების გამო განსაკუთრებით სამეგრელოში იგრძნობა, საბოლოო ქაოსში გადაზრდისგან დაცვა, მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობის ფორმით, პატრიოტიზმით, პოლიტიზირებულობით და სახალხო დიპლომატიის არნახული მასშტაბით ხერხდება, რომელიც მხარეს ახასიათებს.

სამეგრელო ჩიხში განაგრძნობს ცხოვრებას, ამ ჩიხის არსი იმაში მდგომარეობს რომ ერთი მხარე წარსულში მომხდარი ძალმომრეობის გამართლებას ცდილობს, ხოლო მეორეს ეს ძალმომრეობა უშუალოდ აქვს გადატანილი, მმართველი პარტია კი ვერცხლის მოყვარეებითა და მენეჯერებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც ხალხისთვის არც ალტერნატიული იდეის, არც  ლიდერების და არც კეთილდღეობის შეთავაზება შეუძლიათ, საბოლოოდ ისინი უბრალოდ „მიშიზმის“ ღირსეული მემკვიდრეები არიან. ზუგდიდს ნიჰილიზმისა და დეპრესიის ფუფუნება არ აქვს, ხელების ჩამოშვება მოწინააღმდეგის გამარჯვებას ნიშნავს, შემდეგი რაუნდი 2020 წელს იქნება. ყველგან მესამე ძალაზე საუბრობენ, სინამდვილეში საქმე არა მესამე ძალაში არამედ ახალ იდეასა და მოძრაობაშია, რომელიც ნაცების და ქოცების პოლიტიკური და ბიზნეს კასტის ჩამორეცხვას, ადგილობრივი, ხალხიდან წამოსული ლიდერების წინ წამოწევას და ქვეყნის მართვის ახალი დემოკრატიული სტანდარტის შექმნას მოახერხებს. და მერე, დევნილ გარემოვაჭრეებსა და რუსთავი2-ის მიერ „ძველ ბიჭებად“ მონიშნულ ქართველ ახალგაზრდებს არაფერი ექნებათ გასაყოფი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ორი პარტია საკუთარი ფეთხუმობითა და ლიბერალური ფუნდამენტალიზმით, არჩევნებზე მანიპულირებით, ძალმომრეობით, სიბეცით და სიჯიუტით საზოგადოებას სამოქალაქო კონფლიქტამდე მიიყვანს. „ჩვენ რო გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრებისთვის გაასწორებდა ბრძოლა“ – მეუბნებოდა  მთელი დღის ნერვიულობით დაღლილი მეგობარი ავტობუსში ჩაჯდომამდე. ავტობუსი ღამის წყვდიადში, მეგრული სერებით გარშემორტყმულ გზაზე დაიძრა, განთიადამდე ისევ ძალიან ბევრი რჩება.


[1]პრეზიდენტიზვიადგამსახურდიაზუგდიდში25.09.1993წ

[2]მხედრიონისლაშქრობასამეგრელოში

[3]ზუგდიდშიმერაბკოსტავასბიუსტიგაიხსნა

[4]http://www.fmabkhazia.com/news/16640-megis-khardava-vin-avrcelebda-dezinphormacias-kontrdazvervas-unda-daedgina-da-ratom-ar-daadgina-dghes-ukve-nathelia.html

[5]ბაჩოახალაია- ყველასმოუწევსპასუხისგება

[6]პოლიციისჰიმნი

[7]https://www.palitravideo.ge/palitranewsnews/76822-samegrelo-zemo-svanethis-kriminaluri-policiis-ufrosi-narkodanashaulisthvis-daakaves.html

[8]https://presa.ge/?m=regions&AID=74306

** http://boqlomi.blogspot.com/2011/07/17.html?m=1