fbpx

ISSA/OSGF – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა

,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა” 2018-2019 წლებში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

როგორც განცხადებაში ნათქვამია, კვლევა მოიცავს როგორც ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკაში ჩართულობის საკითხებზე მანამდე მომზადებული კვლევებისა და დოკუმენტების ანალიზს, ასევე რაოდენობრივი და ფოკუს ჯგუფების მეთოდით  შეკრებილ მონაცემებს.  რაოდენობრივი კვლევის პროცესში გამოკითხულ იქნა 1324 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.  კვლევაში უმეტესწილად აქცენტი  ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლების პოზიციაზე გაკეთდა, რომლებიც კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ.

დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ პირველი ყოვლისმომცველი ანგარიშია, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობას აფასებს. კვლევით გამოვლენილ სურათის გათვალისწინებით მომზადებული  სარეკომენდაციო დოკუმენტი კი სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, ინტეგრაციისა და ჩართულობისკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკა შეიმუშაოს.

კვლევა პასუხობს კითხვებს, თუ როგორ მოხდა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირება; რა გარემოებები აბრკოლებთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები სამოქალაქო აქტივობებსა და პოლიტიკურ პროცესებში;  რა წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ; რა ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ მათ; რამდენად აქტიურები არიან პოლიტიკური პარტიები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დაინტერესებასა და თავიანთ რიგებში მოზიდვაში; იცნობენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებს და როგორია მათ მიმართ ნდობის ხარისხი.

კვლევა აჩვენებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებში მაღალია საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ კულტურულ-პოლიტიკური იდენტობის განცდა. თუმცა, ეს განცდა რამდენადმე კლებულობს ახალგაზრდა თაობაში.

უმცირესობების ჯგუფების უმრავლესობა პოლიტიკური ინკლუზიის მომხრეა. თუმცა, დაახლოებით მათი მესამედი ეთანხმება იმას, რომ პოლიტიკა ელიტების და არა „ჩვეულებრივი“ მოქალაქეების საქმეა. დეკლარირებულობის მიღმა, გამოკითხულთა მხოლოდ დაახლოებით მეოთხედი მიიჩნევს თავს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ. დაბალი აქტივიზმის მიზეზებად სახელდება: პოლიტიკის მიმართ ინტერესის არქონა, ოჯახური დატვირთვა და ქართული ენის არასრულყოფილი ცოდნა.

ძირითადი მიგნებები

მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციურ დონეზე მდგრადობისკენ და ეფექტურობისკენ მიმართული დადებითი ტენდენციები ვლინდება, ეთნიკურ უმცირესობათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტიზაცია საბიუჯეტო დონეზე ფინანსურ უზრუნველყოფაში არ აისახება.  სამთავრობო ვალდებულების შესრულება ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.  ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ყველაზე ადეკვატური და პროპორციული წარმომადგენლობა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში გვხვდება. ისინი 11 წევრით არიან წარმოდგენილები, რაც დეპუტატთა საერთო რაოდენობის 7.3 პროცენტს შეადგენს.

მთავარ გამოწვევად რჩება ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების და სათემო გაერთიანებების არამდგრადობა და არასაკმარისი მზაობა, დამოუკიდებლად აწარმოონ სამოქალაქო აქტივიზმი.

არჩევნების კუთხით აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებული პროგრამული აქტივობები, რომლებიც მიმართულია არჩევნების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებასა და არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისკენ.  კვლევის მონაწილეთა 74.5%-ის თქმით, მათ მონაწილეობა მიიღეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მათმა 65.5%-მა გამოხატა მზაობა, რომ აპირებდა ხმის მიცემას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.  თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რესპონდენტთა 91.2%-ს არასდროს მიუღია მონაწილეობა საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში.

კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიები და არც კვოტირების პრაქტიკა, რომელიც წაახალისებს პარტიებში ამ ჯგუფების წარმომადგენლების ყოფნას. რესპონდენტთა დაახლოებით 70%–ს ან არ გაუგია, ან უარყოფს პარტიების ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობას რაიმე მიმართულებით. ზოგადად, კვლევის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა დაბალია, რესპონდენტთა მხოლოდ  12.6% აცხადებს, რომ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების კუთხით – იმ რვა მუნიციპალიტეტში (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა), რომლებიც ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილითაა დასახლებული, საშუალოდ 779 ეთნიკურად ქართველს ჰყავს ერთი წარმომადგენელი საკრებულოში, მაშინ როდესაც 1,116 სომხურ და 2,945 აზერბაიჯანულ მოსახლეობას თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავს ამ ორგანოში. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2 წლის განმავლობაში რესპონდენტთა მხოლოდ 14.4%-ს მიუმართავს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად. რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას (83.6%-ს) თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში (წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, საკრებულოს სხდომებზე დასწრება, სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრა და ა.შ.) არ მიუღია მონაწილეობა.

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების როლიც, თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 24.3% ენდობა  მათ. რესპონდენტთა, სულ მცირე, ნახევარმა (54.8%) არ იცის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო თემატიკა ან, თვით მათი არსებობაც კი თავიანთ რეგიონში/დასახლებაში.

რაც უფრო მაღალია ქართული ენის ცოდნის დონე, მით უფრო მატულობს რესპონდენტთა ინფორმირებულობაც და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაც. გენდერული ნიშნით ძირითადად მსგავსი ტენდენციები ვლინდება რესპონდენტების დამოკიდებულებებში, თუმცა მაინც არის გარკვეული სხვაობა ქმედების დონეზე. მაგალითად, უფრო მაღალია კაცების სოციალური კაპიტალი და შესაძლებლობები, რომ ჩართულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. რაც შეეხება რესპონდენტთა ასაკობრივ ჯგუფებს, სპეციფიკურობით ხასიათდებიან 18-24 და 25-34 ასაკობრივი კატეგორიების წარმომადგენლები. რიგი საკითხების მიმართ უფრო მეტად კრიტიკულები, ინფორმირებულები და დაინტერესებულები არიან, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების დამახასიათებელი თავისებურებების სიღრმისეული შესწავლა და პოლიტიკაში მათი ჩართვა. ეთნიკური ჯგუფების შიგნითაც განსხვავებული ტენდენციები ჩანს. მაგალითად, აზერბაიჯანულ თემში განსაკუთრებით ვლინდება ქართული ენის არცონდის პრობლემა, რაც შემდეგ ამ ჯგუფისთვის სხვა სირთულეებს განაპირობებს.

მნიშვნელოვანია მედიის როლი ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის წახალისების კუთხით. გამოკითხვის მიხედვით ვლინდება, რომ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ პრაქტიკულად ყოველი მეორე რესპონდენტი (49.7%) თითქმის ყოველდღე იღებს, 17.1% – კვირაში რამდენჯერმე, ხოლო 17.8% საერთოდ არ იღებს/არ ეცნობა სოციალურ-პოლიტიკურ სიახლეებს. აქ მნიშვნელოვანია ფაქტორია ქართული ენის ცოდნაც. საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად იღებენ ის რესპონდენტები, რომელთა ქართული ენის ცოდნის დონე ყველაზე მაღალია.

საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ქართულად იღებს რესპონდენტთა 54.9%, რუსულად – 26.6%, სომხურად – 7.1%, აზერბაიჯანულად – 6.8%, თურქულად 1.8% და ოსურად 1.5% (იხ. დიაგრამა N21 ელექტრონულ ანგარიშში). ინფორმაციის მიღების სატელევიზიო არხებია რუსთავი 2 (41%), იმედი (31%), პირველი არხი (4.5%). ზოგადად, საქართველოს ჟურნალ-გაზეთები რესპონდენტებში პოპულარობით არ სარგებლობს. რესპონდენტთა 6.5% „კვირის პალიტრას“, ხოლო 1.8% „ასავალ-დასავალს“ კითხულობს.

იხილეთ კვლევის სრული ვერსია:

კვლევა

ავტორები:

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი