fbpx

1 წელი 12 მაისის მოვლენებიდან

თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციიდან 1 წელი გავიდა. დღეს აქტივისტებმა სხვადასხვა ადგილას ბანერები გადმოფინეს და მიმართვა გაავრცელეს:

,, – ჩვენი ყოველდღიურობა დიდი ხანია უიმედობის, უნდობლობის, ნიჰილიზმისა და ახალ ამბებად თარგმნილი სიკვდილის ქრონიკებია. 

ჩვენ ყოველ დღე ვკითხულობთ ამბებს, თუ როგორ გადმოვარდა მშენებლობიდან მუშა და ადგილზე გარდაიცვალა, როცა სახლში მშიერი ბავშვი ელოდა მშობელს, შიმშილის დაძლევის იმედს. ვკითხულობთ, როგორ ჩაიმარხა ცოცხლად ორმოში მეორე ბავშვი, რომელიც ჯართს აგროვებდა უკანასკნელი თეთრებით უკანასკნელი ლუკმის საყიდლად. როგორ დაიწვა თავი პოლიციის წინ სასოწარკვეთილმა ადამიანმა, როგორ აჩეხა თქვენი სიძულვილის ყოველდღიური პროპაგანდით შეშლილმა ქმარმა – ცოლი, როგორ მოკლეს და შემდეგ დაწვეს ტრანსგენდერი ქალის გვამი და რა მძიმეა იმის ნახვა, რომ ამ სისასტიკეზე საზოგადოების ნაწილი მეორე დღეს იცინოდა. ბოროტება მისაღებ ნორმად აქციეთ თავად ბოროტების მსხვერპლი ადამიანების გონებაშიც კი. ვუყურებთ ყველასგან მიტოვებულ მოხუცებს, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სიკვდილზე ოცნებობენ, რადგან ყოფა უკვე ამ სიკვდილზე უარესია. ომგამოვლილებმა ვნახეთ, როგორ დატოვა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მთელი სოფელი ნახირის გარეშე და შიმშილისთვის გაიმეტა, 7 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღემდე ორი დღით ადრე. ხოლო თავად ამ დღეს ჩვენს დედაქალაქში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე რუსულმა მარშმა ჩაიარა, ქვეყანაში, რომელმაც ნახევარ საათიანი აქცია ვერ გაიმეტა 17 მაისს, სიძულვილისა და ძალადობის საწინააღმდეგო დღის აღსანიშნავად. თქვენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ერთ დროს სამოქალაქო სისხლისღვრაც დადგით, ომში გადარჩენილი დევნილი მოქალაქეები და ომის ვეტერანები კი ზრუნვის ნაცვლად, მარტოობაში დატოვეთ.თქვენი პასუხი ამ ახალ ამბებზე კამერის წინ მწუხარებით შეჭმუხნული წარბები და ბრტყელ-ბრტყელი სამძიმრის ტექსტებია, რომელსაც დიდი ალბათობით თქვენს ნაცვლად სხვები წერენ.

ქვეყანაში უსამართლობა, უთანასწორობა და სიკვდილი ბანალური გახდა. ჩვენი გრძნობის ფუნქციები ტრაგედიებზე გაბლაგვდა და საყოველთაო ნიჰილიზმში ჩაყვინთულები თავს იმითღა ვიმშვიდებთ, რომ ეს თავდაცვითი რეაქციაა. ვკითხულობთ ჩვენი სასტიკი ყოველდღიურობის ახალ ამბებს, მეორე წამს კი ტელევიზორში ვუყურებთ თქვენს უსახო კარნავალებს და შეუძლებელია, ამ დროს არ დაგტანჯოს იმაზე ფიქრმა, რომ იქნებ, მართლაც არაფერს აქვს აზრი. 

გაუსაძლისია ამ ყველაფრის ყურება, თუმცა იმაზე ძნელი მაინც ვერ იქნება, ვიდრე ორმოში ცოცხლად დამარხული ბავშვის ფიქრები, სანამ საყოველთაო გულგრილობით მოწყობილი სასაკლაოს ეს მორიგი მსხვერპლიც დაასრულებდა სიცოცხლეს.ჩვენ ამ ტრაგედიებმა დაგვღალა. თქვენმა ვერაგულმა ქმედებებმა, რომელსაც ჩვენს დასაშლელად იყენებთ, მართლაც დაგვანაწევრა და ეს თქვენი ერთადერთი შანსია ჩვენს შესაკავებლად. 

2018 წლის 12 მაისს თქვენ იარაღი მიუშვირეთ თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ, 

თქვენ არამხოლოდ არ გიყვართ ეს ქვეყანა არამედ იმედიც კი არ გაქვთ მისი შეცვლის, რადგან არ იცით როგორ გააკეთოთ ეს, თქვენ საკუთარი თავის შეცვლაც კი არ შეგიძლიათ და თუ რამე გაშინებთ და გაფრთხობთ ეს სწორედ ცვლილებებზე საუბარია.თუმცა ცვლილებები გარდაუვალია. სხვა ყველაფერი დროის და ჩვენი ყოველდღიური, რუტინული შრომის საკითხია, რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არ გვეზარება. საყოველთაო დანაწევრების და უიმედობის, ნიჰილიზმისა და უნდობლობის მიუხედავად, გვჯერა სიმართლის და ერთმანეთის.

და ახლა ერთად დგომის დროა!”

12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC):

,,ერთი წელი გავიდა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციიდან, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მღელვარება და მასშტაბური საპროტესო აქციები გამოიწვია. 2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ორ ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად, თანადროული და ფართომასშტაბიანი, საპოლიციო ოპერაცია დაიწყო.

ღამის კლუბების ტერიტორიაზე შევიდა პოლიციელთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი. საპოლიციო ღონისძიება დაიწყო პარასკევს ღამით, როდესაც ორივე კლუბში წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ჩატარებული. პოლიციელთა განსაკუთრებულმა მობილიზაციამ, რაოდენობამ და აღჭურვილობამ კლუბებში შეკრებილ ადამიანებში დაუცველობის და შიშის განსაკუთრებული გრძნობა გააჩინა.

ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დაწყებას, კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეთა სპონტანური შეკრების ორგანიზება მოჰყვა. საპოლიციო მოქმედებების გასაპროტესტებლად და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად კლუბ “ბასიანთან” შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ტერიტორია და არ მისცა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. წინააღმდეგობის განეიტრალებისა და პროტესტის შესუსტების მიზნით, პოლიცია აკავებდა აქციის ორგანიზატორებსა და ლიდერებს. 12 მაისის ღამეს, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული წესით აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს.

12 მაისის მოვლენები დაკავებული პირების რაოდენობითა და საპოლიციო ოპერაციაში ჩართული საპოლიციო ძალების გათვალისწინებით, ბოლო წლების ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია აღმოჩნდა, რომელსაც შედეგად ათეულობით მოქალაქის დაკავება, მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა და ფართო საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა. შემდგომი ორი დღის განმავლობაში, თბილისის ცენტრალური გამზირი საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს ჰქონდა დაკავებული. აქციის მონაწილეები მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმას მოითხოვდნენ.

12 მაისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის დასაბუთებულობა და მიზანშეწონილობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 12 მაისის ღამესვე ცნობილი გახდა, რომ უშუალოდ კლუბების შიგნით, საპოლიციო ოპერაციის შედეგად არავინ დაუკავებიათ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა უნდობლობა და კითხვები პოლიციის მოქმედების მიმართ.

სამართალდამცავი ორგანოები ცდილობდნენ, ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებასთან კავშირში ეჩვენებინათ 12 მაისს დაკავებული 8 პირის საქმე, რომლებიც საპოლიციო ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, კლუბების გარეთ, სრულიად სხვადასხვა ლოკაციაზე დააკავეს. მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები 12 მაისამდე გაცილებით ადრე დაიწყო და მათ მიმართ მტკიცებულებები თვეებით ადრე ჰქონდა მოპოვებული გამოძიებას. ამ პირობებში, კიდევ უფრო საეჭვო გახდა, რატომ დაამთხვია პოლიციამ მათი დაკავება სწორედ 12 მაისის ოპერაციას.

ერთი წლის წინ საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა სწორედ იმ დროს, როდესაც ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი უკიდურესად პოლიტიზირებული და დამძიმებული იყო. ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ორგანიზებული და შეთანხმებული კამპანია მიმდინარეობდა, გარკვეული ჯგუფები ავრცელებდნენ არსებითად მცდარ ინფორმაციას რეფორმის მიზნებსა და შინაარსზე, ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირებისა და დაღუპვის შემთხვევებს კი საზოგადოების დამატებითი პოლარიზაციისთვის იყენებდნენ. სწორედ ამ კონტექსტში, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად საკამათო საპოლიციო ოპერაციის ჩატარებამ, თითქოს ლეგიტიმაცია მისცა დისკრედიტაციის კამპანიას და ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფების რეპუტაციაზე განზრახ მძიმე იერიში მიიტანა.

12 მაისის მოვლენებზე ნათელი და დამაჯერებელი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხები ამ დრომდე არ არის გაცემული. ერთი წლის თავზეც კი, რეაგირების გარეშეა დარჩენილი EMC-ის მიერ პროკურატურაში შეტანილი ყველა განცხადება, რომელიც 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონოდ დაკავებისა და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და მის ეფექტიანად წარმართვას ეხებოდა.

რაც მთავარია, მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრის ცალსახა პოლიტიკური დაპირებისა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი “უახლოეს დღეებში” გადაწყდებოდა, სწორედ 12 მაისის მოვლენების შემდეგ, ეს საკითხი საბოლოოდ მოიხსნა პოლიტიკური და საკანონმდებლო დღის წესრიგიდან. 12 მაისიდან დღემდე ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხზე არ ჩატარებულა არცერთი შეხვედრა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ერთი წელია არ დაუნიშნავს საკომიტეტო მოსმენა ინიცირებულ კანონპროექტზე. ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზაობა გამოეყენებინა რომელიმე პლატფორმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებთან კომუნიკაციისა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის. უფრო მეტიც, ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, ამ სფეროში სამართლიანი და პროგრესული გადაწყვეტილებს მიღების პოლიტიკური ტვირთი საკონსტიტუციო სასამართლოზე გადაიტანოს.

დღეს ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული ვითარება სამართალდამცავი ორგანოების სტრატეგიებსა და “კეთილ ნებაზეა” მინდობილი. ცალკეული მიმართულებებით, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს პრაქტიკაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტენდენციას, თუმცა პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტის გარეშე, ეს ტენდენციები მყიფე და არასაკმარისია. რაც მთავარია, ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გარეშე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდებოდა.”