fbpx

შინამეურნეობების ვალი და სახელმწიფო რეგულაციების როლი

ავტორი: ია ერაძე, კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი

ტრანსკრიპტი გაკეთდა 2017 წელს.

დღეს ვისაუბრებ შინამეურნეობების ვალსა და სახელმწიფო რეგულაციებზე. მინდოდა, მოხსენება კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებით დამეწყო, რათა უფრო თვალსაჩინოდ დაგვენახა პრობლემის მასშტაბურობა. თუმცა, სამწუხაროდ, ერთიანი სტატისიტკური მონაცემები შინამეურნეობების ვალზე არ გვაქვს. არსებობს ეროვნული ბანკის მონაცემები, რომელიც ძირითადად კომერციული ბანკების ინფორმაციას ეფუძნება. შესაბამისად, შინამეურნეობების ვალზე საუბრის დასაწყისშივე იკვეთება პრობლემა – სტატისტიკური ინფორმაციის სიმწირე. როგორც ჩანს, არ არსებობს დაინტერესება, ჩატარდეს კვლევა და შეგროვდეს შესაბამისი მონაცემები. მიუხედავად სტატისტიკური ინფორმაციის სიმწირისა, ბოლო წლებში გამოიკვეთა აღნიშნული საკითხის აქტუალურობა და სიმწვავე. განსაკუთრებით, ლარის კურსის დაცემასთან ერთად გააქტიურდა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საკითხი, რომელიც დაკავშირებულია გამოსახლებების თემასთან.
შინამეურნეობების ვალის ზრდის ბევრი მიზეზი შეიძლება მოვისმინოთ. აკადემიურ ლიტერატურაში ეს თემა, ძირითადად, ეკონომიკურ ჭრილში განიხილება. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს შემთხვევას. თუ გავეცნობით პოსტ-საბჭოთა ან აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითებს, აქაც კვლევები უმეტესად ეკონომისტების მიერ იწერება. ეს ერთის მხრივ ბუნებრივიცაა, თუმცა, მეორეს მხრივ, საკითხის ამგვარი ანალიზი მოკლებულია პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტს. ამ სახის ლიტერატურაში, მოსახლეობის კრედიტზე წვდომის ზრდა ნორმალურად მიიჩნევა. ამ პროცესს ფინანსური სფეროს განვითარებას და დემოკრატიზაციასაც კი უკავშირებენ. თუმცა, კრიტიკოსები ე.წ. დემოკრატიზაციის პროცესის უარყოფით შედეგებზე მიუთითებენ და შინამეურნეობების გაზრდილი ვალით გამოწვეულ პრობლემებს იკვლევენ. ვფიქრობ, კრედიტის ზრდა ‘ნორმალურ‘ ფენომენად არ უნდა მივიჩნიოთ და საჭიროა ჩავუღრმავდეთ მის მიზეზებს.

შინამეურნეობების ვალის ზრდის მიზეზებზე საუბარი ორ ნაწილად უნდა გავყოთ: პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რატომ იზრდება მოთხოვნა სესხებზე. მეორე ეტაპზე კი ვისაუბროთ, რატომ უჭირს მოსახლეობას ამ სეხების მომსახურება. სამწუხაროდ, ცალკეული კვლევების მიუხედავად, არ არსებობს წარმომადგენლობითი კვლევა შინამეურნეობების ვალის მიზეზებთან დაკავშირებით. თუმცა, გრძელვადიან სესხებთან მიმართებაში, მაინც იკვეთება სესხის აღების სამი მთავარი მიზეზი. პირველი, ეს არის საცხოვრისის შეძენისთვის აღებული იპოთეკური სესხები. მოგეხსენებათ, რომ იმდენად გაიზარდა ფასები უძრავ ქონებაზე დაახლოებით ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომ სესხის აღების გარეშე წარმოუდგენელია უძრავი ქონების შესყიდვა. მეორე – ეს არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მესამე მიზეზი კი განათლებისთვის საჭირო სახსრების მოძიებას უკავშირდება. სამივე სფერო – ჯანდაცვა, საცხოვრისი და განათლება – ნათლად გამოკვეთილი სოციალური საკითხებია, სადაც აქტიური უნდა იყოს სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა. თუმცა, ამ სფეროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ნაცვლად, გამარტივდა ხელმისაწვდომობა სესხებზე.

რაც შეეხება პრობლემური სესხების რაოდენობის ზრდას, ვრცელდება მოსაზრება, რომ ამას უმეტესად ფინანსური განათლების არქონა განაპირობებს. არ უარვყოფ ფინანსური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ამ დიდი, კომპლექსური საკითხის ახსნა უმეტესად ფინანსური გაუნათლებლობით ხდება. ეს კი ხელს უწყობს პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზებას, მის გადატანას მსესხებლებზე და შესაბამისად, ნაკლები ყურადღება ეთმობა სისტემური მიზეზების ანალიზს და აღმოფხვრას.
სისტემურ მიზეზებზე საუბრისას, ბევრი ფაქტორის გამოკვეთა შეიძლება. თუმცა, დღეს, მინდა ყურადღება გავამახვილო კონკრეტული რეგულაციების საჭიროებაზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა, რომელიც საბანკო სისტემაზე დგას, განსაკუთრებით 2004-2005 წლებიდან ვითარდება, რაშიც დიდი როლი მიუძღვის მაშინდელ მთავრობას. ფინანსური სისტემის გაძლიერება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ამავდროულად, ფინანსურ ორგანიზაციებს არ უნდა მიენიჭოთ გარკვეული თავისუფლებები მომხმარებლის უფლებების დარღვევის ხარჯზე. დღეს, ამის შედეგები სახეზე გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ეროვნული ბანკი, მისი რეგულაცია არ ვრცელდება ყველა სახის ფინანსურ ინსტიტუტზე. მაგალითად, ბოლო წლებში ბაზარზე გამოჩენილი ონლაინ სესხების ფირმები, კერძო მევახშეები ბოლო დრომდე არანაირ კანონმდებლობას ან რეგულაციას არ ექვემდებარებოდნენ. შესაბამისად, სრულიად დუცველი რჩება მათი მომხმარებლის უფლებებიც. ასევე, ბოლო დრომდე სრულიად დაურეგულირებელი იყო უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის საკითხი. მხოლოდ ლარის კურსის დაცემის შემდეგ მიხვდნენ მსხესხებლები და მთავრობა, რომ ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე.
ამასთან, თვით ეროვნულ ბანკშიც 2011 წლამდე არ არსებობდა მომხმარებლის უფლებების დაცვის განყოფილება. გარკვეული პერიოდი დასჭირდა იმის გააზრებას, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია და საჭიროებს ყურადღების გამახვილებას. 2011 წელს მიღებული იქნა საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ კომერციულ ბანკებზე გავრცელდა (2017 წლიდან ეს წესი ფინანსურ ორგანიზაციებს ეხება). თუმცა, ამით პრობლემა არ გადაჭრილა. 2012 და 2015 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს დარღვევები აღნიშნული წესის დაცვასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა მომხმარებლის უფლებების დარღვევების შემთხვევები. ევროპაში გავრცელებულია ,,პასუხისმგებლიანი დაფინანსების“ ცნება (responsible finance), რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მომხმარებელის სამართლიან მოპყრობას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი ფინანსური ორგანიზაციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში განიხილავენ პასუხისმგებლიან დაფინანსებას და ფინანსურ მოგებას. სინამდვილეში, ეს ორი რამ არ გამორიცხავს ერთმანეთს, რასაც ბევრი კონკრეტული ქვეყნის მაგალითი აჩვენებს. 
ამრიგად, რეგულაციები არ არის მხოლოდ ერთი მხარისთვის, ამ შემთხვევაში მსესხებლისთვის, მომგებიანი. მომხმარებლის გადახდისუნარიანობა და მისი კეთილდღეობა პირდაპირ არის მიბმული ბანკის თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმატებით მუშაობასთან და ასევე, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასთან. როგორც კეინსი წერდა: ,,როდესაც ადამიანს აქვს ბანკის ვალი 100 ფუნტი – ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მისი პრობლემა, მაგრამ თუ მას მილიონი ფუნტი აქვს ვალი – ეს უკვე ბანკის პრობლემაა“. ამიტომ, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და იმის გათავისება, რომ გამჭვირვალე მეთოდებით მუშაობა და ეთიკური საკითხების დაცვა არა მხოლოდ მომხმარებლების ინტერესებში შედის, არამედ ფინანსური ინსტიტუტების პრიორიტეტიც უნდა იყოს.

დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო არ უნდა გავიაზროთ, როგორც განყენებული ცნება, არამედ როგორც პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ნაზავი. არსებული დომინანტური და ჰეგემონური პოლიტიკური თუ ეკონომიკური დისკურსები უცვლელი არ არის. სახელმწიფო კი ამ იდეების მუდმივი ბრძოლის და დაპირისპირებების ადგილია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი. სწორედ ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში უნდა მოხდეს გარკვეული პრობლემების წინ წამოწევა და მათი გადაჭრისთვის ალტერნატიული გზების ძიება.

_______________________________________
ტრანსკრიპტი ჩაიწერა ,,სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალის” ფარგლებში.

ბლოგში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელია ავტორი.

ტრანსკრიპტი: თემო ბეჟანიძე