fbpx

ნეოლიბერალური გლობალიზაცია ანუ 21 საუკუნის იმპერიალიზმი: გამოწვევები მშრომელთა მოძრაობისთვის

ავტორი: შოთო აზიკური
რედაქტორი: მარიკა ტყეშელაშვილი

დასავლურ მემარცხენე ლიტერატურაში ნეოლიბერალიზმის ცნება ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა თანამედროვე სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტრუქტურებისა და მათი გარდაქმნების აღსაწერად. ნეოლიბერალურ კაპიტალიზმზე მსჯელობისას, მკვლევრები ძირითადად ყურადღებას უთმობენ განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო მმართველობისა და ინსტიტუტების, დასაქმების თუ ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებას. მათი ანალიზი უმეტესწილად ევროცენტრულია და მხედველობაში არ იღებს 1980-იანი წლებიდან შექმნილ, ნელიბერალური გლობალიზაციის ფართო სურათს. ქართულ მემარცხენე დისკურსში ამ პროცესების კრიტიკა ხდება ევროცენტრული (დასავლური ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობილი) თეორიული ჩარჩოთი და არ ითვალისწინებს არც თანამედროვე იმპერიულ მოცემულობას და არც საქართველოს ადგილს ამ მოცემულობის სამხრეთ პოლუსზე. ნეოლიბერალური გლობალიზაციის, როგორც ოცდამეერთე საუკუნის იმპერიალიზმის გააზრება და მისი ძირითადი მახასიათებლებისა და დინამიკის კონტურების მოხაზვა უნდა იყოს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი, რომელიც საბჭოთა კომუნიზმის კრახის შემდეგ, საქართველოს, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცის, მდგომარეობის გააზრებას გახდის შესაძლებელს, რაც მემარცხენე, სოციალისტურ პროექტს რელევანტურობას დაუბრუნებს.

კაპიტალისტურ სისტემას ამოძრავებს ორი ძირითადი წინააღმდეგობა: ინტერკაპიტალისტური კონკურენცია, ე.ი. კონკურენცია კერძო კაპიტალისტებს, ბიზნესებს, კორპორაციებს შორის და დაპირისპირება შრომასა და კაპიტალს შორის. ამ მოხსენებაში შევეცდები ორი პერსპექტივით, – ერთი მხრივ, კაპიტალის, ხოლო, მეორე მხრივ, შრომის პერსპექტივით ვიმსჯელო თანამედროვე ნეოლიბერალურ გლობალიზაციაზე – იმპერიალიზმზე.

კაპიტალის პერსპექტივა:

აუთსორსინგი

პირველი საკითხი, რითაც უნდა დავიწყოთ ნეოლიბერალური გლობალიზაციის პროცესის აღწერა, აუთსორსინგია. აუთსორსინგი სპეციფიკური ეკონომიკური ტერმინია და, სამწუხაროდ, ქართული შესატყვისი არ მოგვეპოვება. ეს ტერმინი გულისხმობს წარმოების გატანას კომპანიის გარეთ, როგორც სხვა კომპანიაში, ასევე სხვა ქვეყანაში. ამ მიმართულებით პიონერები ბრიტანელები, კერძოდ კი ბრიტანული ტექსტილის ინდუსტრია იყო. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აქტიურად დაიწყო ბანგლადეშში წარმოების აუთსორსინგი. შემდგომში იგივე გაიმეორეს სხვა ინდუსტრიებმაც. ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ აუთსორსინგის პირველ ტალღად. მეორე ტალღა კი 1960-70-იანი წლებიდან იწყება. შუალედურ პერიოდზე არ შევჩერდები. მეორე ტალღის პიონერი „უოლმარტი“, „კარფური“ და მსგავსი დიდი კომერციული კაპიტალი იყო. კომერციულმა კაპიტალმა დაიწყო სამომხარებლო საქონლის წარმოების აუთსორსინგი. ასეთი იყო ტანისამოსი, სათამაშოები, და სამომხმარებლო ტექნიკა. კომერციულმა კაპიტალმა მალევე მოიპოვა უპირატესობა ინდუსტრიულ კაპიტალზე და თავად დაიწყო ფასების დაწესება მწარმოებლური კაპიტალისათვის. მალევე, დანარჩენი ინდუსტრიებიც იძულებულნი გახდნენ, მიჰყოლოდნენ კომერციული კაპიტალის სტანდარტს და თავადაც დაიწყეს შრომა-ინტენსიური საქმიანობის აუთსორსინგი.
შემდეგი მთავარი ინდუსტრია, რომელმაც აუთსორსინგის მასიური ტალღა წამოიწყო, მაღალტექნოლოგიური სექტორი იყო. ისეთმა კორპორაციებმა, როგორიცაა „ეითი&თი“, „სან მიკროსისტემსი“, „სისკო“, და სხვა მსგავსმა კომპანიებმა დაიწყეს საკუთარი წარმეობის შრომა-ინტენსიური ნაწილის აუთსორსინგი. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს იაპონურ ტექნოლოგიურ ფირმებთან კონკურენციის ზეწოლით იყო გამოწვეული. აუთსორსინგის პროცესი აჩქარებას იწყებს ოთხმოცდაათიან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის და ჩინეთის ბაზრის გახსნის კვალდაკვალ.
აუთსორსინგის ორი ტიპი არსებობს: პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და კონტრაქტორი კომპანიების დაქირავება.

ბრიტანელი მკვლევარი ჯონ სმიტი აკრიტიკებს იმ ავტორებს (კალინიკოს, ჰარმანს და სხვებს), რომლებიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკებს აკვირდებიან და აქედან გამოაქვთ დასკვნა, რომ, ვინაიდან ჩრდილოური კომპანიები ჩრდილოურ ქვეყნებში აკეთებენ ინვესტიციებს, გლობალურ სამხრეთში ტრანსნაციონალების მხრიდან არ ხდება ექსპლუატაცია და ის მხოლოდ იმ ქვეყნებშია, სადაც ეს კაპიტალი მიდის. სმიტი ამ სტატისტიკის დეტალურ ანალიზს გვთავაზობს, რის შედეგადაც ვიღებთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამ მახასიათებელს:

  1. ჩრდილოეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხორციელდება ჩრდილოური კორპორაციების მიერ საბანკო და ფინანსურ სფეროში ინვერსტირებით;
  2. მსგავსი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარი სინამდვილეში ერთი ფირმის მიერ მეორის შეძენას გულისხმობს;
  3. იმ ფირმებში, სადაც იდება ინვესტიციები, წარმოება უკვე გადატანილია გლობალურ სამხრეთში.

შედეგად ვიღებთ ისეთ სიტუაციას, როდესაც, ეკონომისტი გარი გარეფის სიტყვებით რომ ვთქვათ, – “გლობალური ეკონომიკა მზარდად თავმოყრილია სათავეში და ფრაგმენტირებული ქვედა დონეზე – როგორც ქვეყნების, ისე ფირმების დონეზე”.

უკეთ რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ფრაგმენტირება ქვედა დონეზე, განვიხილოთ აუთსორსინგის მეორე სახე.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ტრანსნაციონალური კომპანიები ამჯობინებენ აუთსორსინგს კონტრაქტორი ფირმების საშუალებით. კონტრაქტორი კომპანიები განთავსებულები არიან გლობალურ სამხრეთში და ადგილობრივი მუშახელის იაფი ანაზღაურების ხარჯზე ცდილობენ გლობალური მყიდველების, ანუ ტრანსნაციონალური კომპანიებისგან შეკვეთების მოპოვებას. ეს ქმნის იმ სიტუაციას, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში უწოდებენ “რბოლას ფსკერისკენ”. ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ საკუთარი შვილობილების/ფილიალების დაარსების ნაცვლად, კონტრაქტორი ფირმების დაქირავებას შემდეგი მიზეზები აქვს:

ტრანსნაციონალები გაცილებით მეტ ხელფასს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. სუბკონტრაქტორებს შორის არსებული ინტენსიური კონკურენციის შედეგად ხელფასების შემცირება უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე საკუთარი დაქირავებული მენეჯერების მიერ ხელფასების შემცირება.

ტრანსნაციონალები ხელებს იბანენ გარემოს დაბინძურების, დაბალი ხელფასების და პროფკავშირების რეპრესირებისგან და ამის გაკეთება კონტრაქტორ ფირმებს უწევთ. ტრანსნაციონალები ასევე იშორებენ პასუხისმგებლობას კრიზისების დროს მასშტაბურ დათხოვნებზე.

მესამე მიზეზი მდგომარეობს ტრასნაციონალების მიერ იმ რისკებისა და დანახარჯების თავიდან არიდებაში, რაც თან სდევს გლობალური ეკონომიკისთვის დამახასიათებელ ციკლურ რყევებს, მოთხოვნის შემცირებას თუ სხვა არეულობას მსოფლიო ბაზარზე.

მეოთხე მიზეზი კი ჩრდილოური ფირმების მიერ კაპიტალის დაზოგვაში მდგომარეობს. მათ არ უწევთ წარმოებაში ფულის დაბანდება, ეს გამოთავისუფლებული კაპიტალი კი გამოიყენება ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირებისა და სპეკულაციური მოგების მიღებისათვის.

მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც ზემოთქმულიდან შეიძლება გამოვიტანოთ, იმაში მდგომარეობს, რომ ჩრდილოურ კაპიტალსა და სამხრეთულ კაპიტალს შორის კონკურენცია არ არსებობს. სამხრეთულ ფირმებს ერთმანეთთან ინტენსიური კონკურენციით მუდმივად უწევთ სტანდარტის დაწევა და მომსახურების გაიაფება, რათა მოახერხონ გლობალური მყიდველების შეკვეთის მიღება. გლობალური სამხრეთის კაპიტალი ჩრდილოური კაპიტალის დანამატად იქცევა. საილუსტრაციოდ, კარგი მაგალითია “ეფლისა” და “ფოქსკონის” შედარება.

2013 წელს „ჰონ ჰაის“ („ფოქსკონის“ მფლობელი კომპანია) მოგებამ $10.7 მილიარდი შეადგინა, რაც მის ერთ დასაქმებულზე $8,685-ს შეადგენს (ჯამში კომპანიაში მუშაობს 1,232,000 მშრომელი), ხოლო „ეფლის“ მოგება $41.7 მილიარდი იყო, რაც მის ერთ დასაქმებულზე $572,800-ს შეადგენს (ეფლი ასაქმებს 72,800 ადამიანს, აქედან 47,000-ის სამუშაო ადგილი ამერიკაშია). თავად კომპანიების ღირებულება კი ამ წელს $32.1 მილიარდსა და $416.6 მილიარდს შეადგენდა. „ეფლი“ დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად არის მიჩნეული და მისი ღირებულება წლიდან წლამდე იზრდება. ხოლო „ფოქსკონის“ ღირებულება და მოგება უფრო და უფრო იკლებს, რაც გამოწვეულია ჩინეთში საშუალო ხელფასის ზრდით და თავად ეფლის გადაწყვეტილებით, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად, კონტრაქტორების დივერსიფიცირება მოეხდინა.

ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია და წარმოების ფრაგმენტაცია

უფრო სრული სურათის მისაღებად, უნდა გადავიდეთ ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაციის ფენომენზე და გლობალური ღირებულების ჯაჭვების გაჩენაზე.

ნეოლიბერალური გლობალიზაციის პერიოდში, განვითარებად ქვეყნებში იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკებს ცვლის ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაციის მოდელი, ხოლო ამისთვის იქმნება ექსპორტზე ორიენტირებული ზონები, იგივე სპეციალური ეკონომიკური ზონები ან თავისუფალი ეკონომიკური ზონები. მსგავსი ზონების შექმნას აქტიურად უწევდა პროპაგანდას მსოფლიო ბანკი და ს.ს.ფ. (საერთაშორისო სავალუტო ფონდი), ხოლო პრაქტიკულად ახორციელებდნენ განვითარებადი სახელმწიფოები. სპეციალური ეკონომიკური ზონა არის ტერიტორია, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული ეკონომიკური და იურიდიული რეჟიმი. სახელმწიფო ათავისუფლებს ამ ტერიტორიაზე მომუშავე კომპანიებს გადასახადებისგან, უქმნის ინსფრასტრუქტურას. როგორც წესი, ასეთ ზონებში არ გვხვდება პროფკავშირები, მუშახელი კიდევ უფრო იაფია, ხშირია სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიები და საბოლოო შედეგი, რაც სეზ-ებმა უნდა მოიტანოს, არის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. დღესდღეობით, სეზ-ები უკვე 130-ზე მეტ ქვეყანაშია. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ჩინეთშია თავმოყრილი (50 მილიონზე მეტი ადამიანი ჩინურ სეზ-ებშია დასაქმებული), მათი მომრავლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გვიჩვენებს ნეოლიბერალური გლობალიზაციის მომდევნო თვისებას – ეს არის წარმოების ფრაგმეტაცია და გლობალური ღირებულების ჯაჭვები. საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკაში მთავარ როლს თამაშობს შუალედური საქონლით ვაჭრობა. ასევე, გაზრდილია გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან ექსპორტირებული საქონელი. თუმცა, ეს მიანიშნებს არა სხვადასხვა ქვეყნებს შორის ერთმანეთთან ვაჭრობაზე, არამედ წარმოების გლობალიზაციის შედეგად, მის ფრაგმენტაციასა და ქსელურ ჯაჭვებად დაყოფაზე. იაფი მუშახელის ძებნის მოტივით, ტრანსნაციონალური კომპანიები გამუდმებით ჰყოფენ საკუთარი საბოლოო საქონლის შექმნის პროცესს მცირე სამუშაოებად, ამოცანებად, შემდეგ კი, ამ ამოცანების აუთსორსინგს ახდენენ გლობალური სამხრეთის მასშტაბით. ამის შედეგად, ტრანსანციონალური კორპორაციები მუდმივად ახდენენ ოპტიმიზაციას, დანახარჯების შემცირებას და გლობალური სამხრეთის ქვეყნების მშრომელები კიდევ უფრო მოწყვლადები და ჩანაცვლებადები ხდებიან. ნეოლიბერალური გლობალიზაცია გარდაქმნის სოციალურ ურთიერთობებს გლობალურ დონეზე და ჩრდილოური კაპიტალი და სამხრეთული შრომა ხდება თანამედროვე კაპიტალიზმის მთავარი ანტაგონიზმი.

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ანტაგონისტი არ არის მხოლოდ ტრანსნაციონალური კაპიტალი, ამ კორპორაციებს გარკვეულწილად გააჩნიათ ნაციონალობა. ისინი ძირითადად ფუძნდებიან ჩრდილოეთის განვითარებად ქვეყნებში, ამერიკა კი დღემდე რჩება თანამედროვე ჰეგემონად. იმპერიული ქვეყნები სამხრეთიდან მიღებულ იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფებით უფრო მეტს იღებენ, ვიდრე ამ პროდუქტის შემქმნელი მშრომელები. ამერიკის სახელმწიფოს მიერ, 2013 წელს ბანგლადეშიდან იმპორტირებულ ტანსაცმელზე დაწესებული ტარიფებიდან მიღებული შემოსავალი აღემატებოდა ამ ტანსაცმლის მწარმოებელ მშრომელთა ხელფასების ჯამს. გაიაფებული საქონელი, რომელიც გლობალური სამხრეთიდან შემოდის, იმპერიული ქვეყნების მუშახელის ცხოვრების დონეს ინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელფასები იკლებს. ხოლო თუ ხელფასები მცირედით იმატებს, ამ მატების ძალა გაცილებით დიდია სამომხმარებლო პროდუქციის ფასების აუთსორსინგის შედეგად შემცირების გამო.

შრომის მხარე:
ახლა შევხედოთ ნეოლიბერალურ გლობალიზაციას, ანუ თანამედროვე იმპერიალიზმს შრომის, მშრომელების პერსპექტივიდან. რა თქმა უნდა, ეს ორივე პერსპექტივა ერთ პროცესს აღწერს. ნეოლიბერალური გლობალიზაცია გარკვეულწილად იმეორებს მეცხრამეტე საუკუნის პერიოდის ტენდენციებს -თავისუფალი ვაჭრობა, კაპიტალის თავისუფალი დინება, – თუმცა განსხვავებით იმ პერიოდისგან მშრომელების თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია. 1900 წელს ევროპის მოსახლეობის (408 მლნ) 17% ემიგრირდა ამერიკაში, კანადაში და ლათინურ ამერიკაში, რამაც შეასუსტა ევროპაში პროლეტარიზაციისა და პაუპერიზაციის სიმწვავე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აზიიდან იმავე პროპორციის მუშახელი რომ ემიგრირებულიყო, მათი რიცხვი 800 მილიონი იქნებოდა და განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა 70%-ით გაიზრდებოდა. რეალურად კი მხოლოდ 0.8 პროცენტი ემიგრირდა. იმპერიული ქვეყნები საკუთარი საიმიგრაციო რეჟიმებითა და წესებით ზღუდავენ გლობალური სამხრეთიდან მიგრაციას, რითაც ამ ქვეყნებში ინარჩუნებენ იაფი მუშახელის დიდ რეზერვებს. მსოფლიოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხვი 1980 წლის 1.9 მილიარდიდან 2006 წელს 3.1 მილიარდამდე გაიზარდა განვითარებადი ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაში ინტეგრაციის ხარჯზე. 2010 წელს, ILO-ს მონაცემებით, მსოფლიოს ინდუსტრიული მშრომელების 79%, ანუ 510 მილიონი მშრომელი, განვითარებად ქვეყნებში, ანუ გლობალურ სამხრეთში ცხოვრობდა.

ILO

მიგრაცია
თუმცა მიგრაციისთვის ბარიერების არსებობა არ ნიშნავს, რომ მიგრაცია საერთოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა, იმპერიულ ქვეყნებში მიგრაცია გვხვდება და მას ორი სახე აქვს. ერთი, ეს არის დაბალანაზღაურებადი და დაბალკვალიფიცური მუშახელის შრომითი მიგრაცია, ხოლო მეორე არის მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი მუშა ხელის მიგრაცია, იგივე ტვინების გადინება.
პირველის – იმპერიული ქვეყნების მიერ იაფი მუშახელის იმპორტის შემთხვევის -მოტივაცია ადგილობრივი მუშა ხელის ღირებულების დაწევა და ასევე, ისეთი შრომის შესრულების სურვილია, რომელიც არავის არ სურს. ასეთია ზრუნვის ეკონომიკა, სხვადასხვა რისკის შემცველი, დაბალანაზღაურებადი სამსახურები და ა.შ.
მეორე შემთხვევა – ტვინების გადინება – კი გულისხმობს იმპერიული ქვეყნების მიერ განათლებული და კვალიფიციური მშრომელებისთვის საიმიგრაციო ბარიერების მოხსნას. მაღალკვალიფიციური მუშახელის რიცხვი შრომით მიგრანტებში ყველა ქვეყანაში უფრო მაღალია. მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, კრიზისების შემდეგ, ს.ს.ფ.-ს და მსოფლიო ბანკის სტრუქტურული რეფორმების შემდეგ, ქვეყანა დაიცალა ექიმებისგან, მაგრამ დაბალკვალიფიციურმა მუშახელმა ვერ მოახერხა შრომით ემიგრაციაში წასვლა. იმპერიული ქვეყნები უარს არ ამბობენ, მიიღონ კვალიფიციური მუშახელი გლობალური სამხრეთიდან, რომელთა განათლების ხარჯები თავად არ გადაუხდიათ. მიგრაციის ეს თვისება განვითარებადი ქვეყნების შრომის ბაზარს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის და მათ ეკონომიკურ განვითარებას შეუძლებლად აქცევს.
განვითარებად ქვეყნებში დარჩენილ მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან შრომითი მიგრანტები. 2010 წელს, სამხრეთში 440 მილიარდი დოლარის გადარიცხვები განხორციელდა, რაც 10-ჯერ მეტია განვითარებული ქვეყნების დახმარებაზე. დენი როდრიკი წერს, რომ თუ მართლა აინტერესებთ დოჰაში შეკრებილ გლობალურ ელიტებს სიღარიბის აღმოფხვრა, მაშინ უნდა მოიხსნას საემიგრაციო დაბრკოლებები მშრომელებისთვის. თუმცა, ამ მდგომარეობით, ეს ფულადი დახმარებები, საერთო ჯამში, ტრანსნაციონალური კომპანიების ხელფასების სუბსიდირებას ახდენს – მათ მიერ გადახდილ დაბალ ხელფასებს ავსებს ამ დახმარებებით მიღებული ფული.

ზემოთ აღნიშნული პროცესები საქართველოშიც შეგვიძლია დავინახოთ. თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ტრანსნაციონალური კომერციული კაპიტალის შემოსვლა (კარფური, ჰ&მ…), შრომითი ბაზრის პრეკარიზაცია და არაფორმალური დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, შრომითი მიგრაცია ევროპაში, ტექსტილის ფაბრიკები ქუთაისსა და ფოთში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვა. დღეს, მშრომელთა მოძრაობის მწყობრი პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავებისთვის ოცდამეერთე საუკუნის იმპერიალიზმის კონფიგურაციისა და დინამიკის საფუძვლიანი გააზრება და მათში საქართველოს როლის მოძებნა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

Leave a Reply

Your email address will not be published.