გაეცანით ჟან პოლ სარტრის წინასიტყვაობას ფრანც ფანონის წიგნისთვის „ბედკრულნი ამა ქვეყნისა“(ფრანგ: Les damnés de la terre) .

თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო მარიკა ტყეშელაშვილმა.

მთარგმნელის წინასიტყვაობა:
1954 წელს დაიწყო ალჟირის განმათავისუფლებელი ომი საფრანგეთის წინააღმდეგ. ამ დროს მარტინიკელი წარმოშობის ფსიქიატრი, ფრანც ფანონი ალჟირის ფრანგული საავადმყოფოს ფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა და მკურნალობდა როგორც იმ ფრანგ მეომრებს, რომლებიც აწამებდნენ ანტიკოლონისტ აჯანყებულებს, ასევე წამების მსხვერპლ ალჟირელებს.
ფანონის ოჯახი კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ მარტინიკაზე შავკანიანთა ბურჟუაზიას წარმოადგენდა. ეს სოციალური სტრატა ესწრაფვოდა თეთრკანიანთა ფრანგულ კულტურასთან სრულ ასიმილაციას. ამგვარი გარემოს მიუხედავად, ჯერ კიდევ სკოლის წლებში გაეცნო ფანონი შავკანიანთა ფილოსოფიას ევროპის კოლონიალიზმის კრიტიკოსის, ემე სეზარის (Aimé Césaire) წყალობით. 1943 წლიდან ფანონი საფრანგეთის თავისუფალ ძალებთან ერთად იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. ომის დასრულების შემდეგ კი ლიონის უნივერსიტეტში შეისწავლა ფსიქიატრია და მედიცინა.
ალჟირში ფრანგულ საავადმყოფოში მუშაობისას დაიწყო მან კოლონიალიზმის ფსიქოპათოლოგიური შედეგების კვლევა. მიღებულმა გამოცდილებამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ფანონის მსოფლმხედველობასა და პოლიტიკურ არჩევანზე – მალევე დატოვა თანამდებობა და ალჟირის განმათავისუფლებელ ბრძოლას შეუერთდა.
„ბედკრულნი ამა ქვეყნისა“ (ფრანგ: Les damnés de la terre) ფრანც ფანონის 1961 წელს გამოცემული წიგნია, რომელიც შეეხება კოლონიზაციის გავლენას კოლონიების მკვიდრ მოსახლეობაზე – ინდივიდისა და ერის დეჰუმანიზაციის განუწყვეტელ პროცესს, რაც კოლონისტის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია დაქვემდებარებული ხალხების ჩაგვრის გასაძლიერებლად და გასახანგრძლივებლად. წიგნი აგრეთვე მსჯელობს იმ სოციალური, პოლიტიკური და კულტურული წინაპირობების შესახებ, რომლებიც აუცილებელია განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის. ფანონის აზრით, რევოლუციის იდეა არის ახალი ადამიანის შექმნა, კაცობრიობის რეკონსტრუქცია. კოლონიზებულ ადამიანს სჭირდება აზროვნების დეკოლონიზაცია. მას რევოლუციურ ჰუმანისტს უწოდებენ, რადგან მისი ნაშრომების მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორ უნდა შეძლოს დეჰუმანიზაციის განუწყვეტელი გამოცდილების შემდეგ კოლონიზებულმა ადამიანმა საკუთარი თავის ადამიანად აღქმა. წიგნს ფანონი ასრულებს ახალი ისტორიის შექმნის მოწოდებით, რაც დეკოლონიზებულმა მესამე მსოფლიომ უნდა დაიწყოს. წიგნის სათაური აღებულია „ინტერნაციონალის“ ჰიმნის პირველი სტრიქონიდან.
დეკოლონიური ბრძოლის მიზანი არა უბრალოდ დამოუკიდებლობის მოპოვებაა, არამედ სიმდიდრის გადანაწილებაც, რადგან დამოუკიდებლობამიღწეული სახელმწიფოები, როგორც წესი, იმავე სიღატაკეში აგრძელებენ ცხოვრებას, როგორშიც კოლონისტის დაქვემდებარებისას იყვნენ.
ფანონი მარქსისტი მოაზროვნეა, მაგრამ კოლონიების პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე რევოლუციის შესახებ სხვაგვარი თვალსაზრისი ჩამოუყალიბდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ალჟირს არ ჰყავდა ინდუსტრიული მუშათა კლასი, მარქსისგან განსხვავებით, რომელიც პროლეტარიატს ისტორიაში მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევდა, ფანონი დეკოლონიური ქვეყნების რევოლუციაში გლეხობასა და ლუმპენ-პროლეტარიატს ანიჭებდა პირველად მნიშვნელობას. კოლონიურ საზოგადოებაში მთავარი წინააღმდეგობა არა მხოლოდ კლასობრივია, არამედ რასისტულიც და ის მჟღავნდება არა ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს, არამედ ევროპელ მმართველებსა და მათ მიერ კოლონიზებულ ხალხებს შორის.
წიგნის „ბედკრულნი ამა ქვეყნისა“ პირველ თავში, სათაურით „ძალადობის შესახებ“, საუბარია იმაზე, რომ ძალადობა კოლონიზაციის აუცილებელი ელემენტია და მკვიდრ მოსახლეობაში ძალადობა კოლონისტებმა შეიტანეს. კოლონიზებულმა ხალხებმა უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ ამ ძალადობასთან შეგუებას – რაც, არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლად ყოფნას გულისხმობს, არამედ იწვევს აგრესიის მიმართვას კოლონიზაციის სხვა მსხვერპლთა მიმართ, – თუ ძალადობითვე შეებრძოლებიან ევროპელ მოძალადეებს. ფანონის აზრით, დეკოლონიზაცია მაშინაა შესაძლებელი, როცა კოლონიზებული საბოლოოდ ხდება სუბიექტი გადაწყვეტილების მიღებისას და მოქმედებისას. გამომდინარე აქედან, ძალადობას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დეკოლონიურ ბრძოლაშიც – „ძალადობა ათავისუფლებს ადგილობრივს დაქვემდებარებულობის კომპლექსის, სასოწარკვეთისა და უმოქმედობისაგან, მას უშიშრად აქცევს და თავმოყვარეობას აღუდგენს“.
1961 წელს “ბედკრულნი ამა ქვეყნისა“ ჟან პოლ სარტრის წინასიტყვაობით გამოიცა.

ჟან პოლ სარტრის წინასიტყვაობა ფრანც ფანონის წიგნისთვის „ბედკრულნი ამა ქვეყნისა“

არც ისე დიდი ხნის წინ დედამიწა ითვლიდა ორ მილიარდ მცხოვრებს: ხუთას მილიონ ადამიანს და კოლონიების მილიარდნახევარ ადგილობრივ მკვიდრს [1]. . სიტყვა პირველთა მფლობელობაში იყო, მეორეებს კი მხოლოდ მისი მოხმარება შეეძლოთ. ამ ორს შორის იყვნენ დაქირავებული მეფეები, მსხვილი მიწათმფლობელები და ბურჟუაზია, – თავიდან ბოლომდე ფიქცია, – რომელთაც შუამავლის როლი ეკისრათ. კოლონიებში სიმართლე შიშვლად იდგა, მაგრამ მეტროპოლიებში შემოსილ სიმართლეს ამჯობინებდნენ: რომ კოლონიების ადგილობრივ მცხოვრებლებს ისინი დედასავით უყვარდათ. ევროპულმა ელიტამ ადგილობრივი ელიტების წარმოება იკისრა თავის თავზე. ამოარჩია იმედისმომცემი მოზარდები; მათ, გავარვარებული რკინის მსგავსად, დასავლური პრინციპები დაასვა დაღად; პირი დიდებული ფრაზებით ამოუვსო, დიადი წებოვანი სიტყვებით, რომლებიც კბილებს ეკვრის. მცირე ხნით მეტროპოლიებში ცხოვრების შემდეგ, შინ გაკრიალებულები დააბრუნა. ამ მოსიარულე ტყუილებს არაფერი ჰქონდათ სათქმელი თავიანთი ძმებისთვის. ისინი მხოლოდ ექოს გამოსცემდნენ. პარიზიდან, ლონდონიდან, ამსტერდამიდან ჩვენ ვიტყოდით – „პართენოსი“ „საძმო!“ და სადღაც აფრიკაში თუ აზიაში ბაგეები იმეორებდა – „…თენონი!“ „…ძმო!“ ოქროს ხანა იდგა.

მაგრამ დასასრული მოახლოვდა. ბაგეები უკვე თავისით გაიხსნა. ყვითელი და შავი ხმები ისევ საუბრობდნენ ადამიანობაზე, ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ გავეკიცხეთ ჩვენი არაადამიანობის გამო. წინააღმდეგობის ამ ზრდილობიან განცხადებებს ჩვენ უსიამოვნების გარეშე მოვუსმინეთ, თავიდან ამაყი გაოცებითაც. რა? მათ შეუძლიათ თავისით ილაპარაკონ? ერთი შეხედეთ, რა ხალხი დაგვიყენებია მათგან! ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ ჩვენს იდეალებს მიიღებდნენ, მაგრამ იმაში დაგვდეს ბრალი, რომ მათ თავად არ ვერთგულებდით. და მაშინ ევროპამ ნამდვილად იწამა თავისი მისიის. მან აზიელთა ელინიზება მოახერხა! ახალი თაობა შექმნა, ბერძენ-ლათინი ზანგები. ისიც შეგვეძლო მხოლოდ ჩვენთვის გვეთქვა – ბოლო-ბოლო, იყვირონ რამდენიც უნდათ, გრძნობებს გაათავისუფლებენ, მაინც არ იკბინება ის ძაღლი, რომელიც ყეფს.

სცენაზე გამოვიდა ახალი თაობა, რომელმაც შეცვალა თავად პრობლემა. მათი მწერლები და პოეტები წარმოუდგენელი მოთმინებით ცდილობდნენ, ჩვენთვის აეხსნათ, რომ ჩვენი ღირებულებები და მათი განხორციელების გზები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რომ არც ამ იდეალების ბოლომდე უარყოფა შეეძლოთ და არც ბოლომდე შეთვისება. საბოლოო ჯამში, ისინი ამბობდნენ: „თქვენ ჩვენგან ურჩხულებს ქმნით; თქვენი ჰუმანიზმი გვიმტკიცებს, რომ დანარჩენ კაცობრიობასთან ერთად მთელს შევადგენთ, მაგრამ თქვენი რასიზმი გვაცალკევებს ამ მთელისაგან.“ ჩვენ ყველა მათგანს ძალიან მშვიდად ვუსმინეთ. კოლონიის განმგებლებს ჰეგელის კითხვისთვის არ უხდიან, ამიტომ არც კითხულობენ, თუმცა ფილოსოფოსის ახსნის გარეშეც უწყიან, რომ მშფოთვარე სინდისი თავის თავში იხარშება. ეს მათ ვერსად მიიყვანს. ასე რომ, გავუხანგრძლივოთ დისკომფორტი. ლაპარაკის მეტს მაინც ვერაფერს გახდებიან. როგორც საქმის მცოდნე ხალხმა თქვა, მათ რომ ამ მოთქმა-გოდებით რამე კონკრეტული ითხოვონ, მხოლოდ ინტეგრაციას მოითხოვენ. რა თქმა უნდა, ამის მიცემა გამორიცხულია. სისტემა, რომელიც ეფუძნება გადაჭარბებულ ექსპლუატაციას, როგორც იცით, დაინგრეოდა. მაგრამ საკმარისია, სტაფილო გეჭიროს მათ ცხვირთან და დაოთხილები გაჭენდებიან. აჯანყებაზე კი საერთოდ არ გვაქვს სადარდებელი. რომელი ჭკუათმყოფელი ადგილობრივი დახოცავს ევროპის პატიოსან შვილებს იმისთვის, რომ მათნაირი ევროპელი გახდეს? მოკლედ, ამ ბედუკუღმართ სულებს ვაგულიანებდით და ვფიქრობდით, არ იქნებოდა ურიგო, ერთხელ გონკურის პრიზი ზანგისთვისაც მიგვეცა. ეს იყო 39 წლამდე.

1961. ყური უგდეთ: „მოდი, აღარ დავხარჯოთ დრო სტერილურ ლიტანიებსა და გულისამრევ მიმბაძველობაში. დავტოვოთ ეს ევროპა იქ, სადაც არასდროს მორჩებიან ადამიანზე ლაპარაკს და ამავდროულად ადამიანების ხოცვას ყველგან, სადაც კი წააწყდებიან, თავიანთი ქუჩებისა თუ დედამიწის ყველა კუთხეში. საუკუნეების განმავლობაში სული ამოჰხადეს მთელ კაცობრიობას ე.წ. სულიერი გამოცდილების სახელით“. ეს ტონი ახალია. ვინ ბედავს ასე ლაპარაკს? ეს ვიღაც აფრიკელია, კაცი მესამე მსოფლიოდან, ყოფილი “ადგილობრივი”. და დასძენს: „ევროპა ახლა გიჟური, წინდაუხედავი ნაბიჯებით პირდაპირ უფსკრულისკენ მიექანება. კარგს ვიზამთ, თუ გამოვერიდებით“. სხვა სიტყვებით, დაღუპულია – სიმართლე, რომლისთვისაც თვალის გასწორება უსიამოვნოა, თუმცა რომლის ჭეშმარიტებაშიც ძვლის ტვინამდე ვართ დარწმუნებულები, არა, მეგობარო ევროპელებო?

თუმცა აქ ერთი რამ უნდა შევნიშნოთ. როცა, მაგალითად, ფრანგი მეორე ფრანგს ეუბნება – „ქვეყანა დაღუპულია“ – რაც ხდება, მგონი, თითქმის ყოველ დღე 1930 წლიდან მოყოლებული – ეს ემოციური ლაპარაკია. იწვის რა სიყვარულითა და რისხვით, მოსაუბრე საკუთარ თავს თანამემამულეებს მიაკუთვნებს. და, ჩვეულებრივ, დასძენს – „თუ არ…“ ნათელია, რას გულისხმობს; მეტი შეცდომა აღარ უნდა იქნას დაშვებული. თუ მისი მითითებები ზუსტად არ შესრულდება, აი, მაშინ იქცევა ქვეყანა ნაცარტუტად. მოკლედ, ეს არის მუქარა, რომელსაც რჩევა მოჰყვება, და ეს რეპლიკები ნაკლებად შოკისმომგვრელია, რადგან ის მომდინარეობს ნაციონალური ინტერსუბიექტურობისაგან. მაგრამ, ამის საპირისპიროდ, როცა ფანონი ამბობს, რომ ევროპა აღსასრულს უახლოვდება, – და მის ხმაში არ ისმის განგაშის ზარი, – ის უბრალოდ დიაგნოზს სვამს. ეს ექიმი არც იმას ამტკიცებს, რომ უიმედო შემთხვევაა – სასწაულები ხომ ხდება ხოლმე – და არც წამალს გასცემს სამკურნალოდ. იგი დადასტურებით ამბობს, რომ ევროპა კვდება, იმ სიმპტომების საფუძველზე, რომლებსაც ამჩნევს. რაც შეეხება მკურნალობას – არა, მას სხვა საფიქრალი აქვს. ფეხებზე ჰკიდია, იცოცხლებს ევროპა, თუ მოკვდება. სწორედ ამის გამო არის მისი წიგნი სკანდალური. თუ ჩაიჩურჩულებთ, სასაცილოდ შერცხვენილი – „ექნება ჩვენთვის წამალი“, შეცდებით, რადგან ფანონს თქვენთვის აბსოლუტურად არაფერი არ აქვს. მისი შრომა, ზოგისთვის ცხელი, თქვენთვის ყინულივით ცივია. ის თქვენზე ხშირად ლაპარაკობს, მაგრამ თქვენ არასდროს გელაპარაკებათ. შავი გონკური[2]და ყვითელი ნობელი დამთავრდა. კოლონიზებული ლაურეატების დრო მორჩა. ყოფილი ადგილობრივი, რომელიც ფრანგულად საუბრობს, ამ ენას ახალ ამოცანებს უსახავს, მისგან სარგებელს ნახულობს, და მხოლოდ კოლონიზებულებს ესაუბრება: „ადგილობრივებო განუვითარებელი ქვეყნებისა, შეერთდით!“ რა დაქვეითებაა! მამებისთვის მხოლოდ ჩვენ ვიყავით ისინი, ვისაც უნდა ესაუბრა, შვილები კი სანდრო შუამავლებადაც აღარ გვთვლიან. ჩვენ მათი საუბრის ობიექტები ვართ. რა თქმა უნდა, ფანონი გზადაგზა ახსენებს ჩვენს საყოველთაოდ ცნობილ დანაშაულებს: სეტიფი[3], ჰანოი[4], მადაგასკარი[5]- მაგრამ დროს არ კარგავს ჩვენთვის ბრალის დადებაში. ის მათ მხოლოდ იყენებს. თუ ის ჰყვება კოლონიალიზმის ტაქტიკების შესახებ – იმ ურთიერთობების კომპლექსური თამაშის შესახებ, რომელიც აერთიანებს და აპირისპირებს კოლონისტებსა და ადგილობრივებს, – ამას მხოლოდ თავისი ძმებისთვის აკეთებს. მისი ამოცანაა, ასწავლოს თავის ძმებს, როგორ დაგვამარცხონ ჩვენსავე თამაშში.

მოკლედ, მესამე სამყარო პოულობს საკუთარ თავს და ელაპარაკება საკუთარ თავს თავისივე ხმით. ჩვენ ვიცით, რომ ეს არაა ჰომოგენური სამყარო. ჩვენ ისიც ვიცით, რომ დამონებული ხალხის პოვნა იქ ისევ შეიძლება, ისევე, როგორც მათი, ვინც ცრუ დამოუკიდებლობის სიმულაკრს მიაღწია, მათიც, ვინც ისევ იბრძვის სუვერენულობის მოსაპოველად და მათიც, ვინც სრული თავისუფლება მოიპოვა, მაგრამ მუდმივად იმპერიალისტური აგრესიის მუქარის ქვეშ ცხოვრობს. ეს განსხვავებები კოლონიურმა ისტორიამ წარმოშვა, სხვა სიტყვებით – ჩაგვრამ. აქ, დედასამშობლოს (მეტროპოლიას, მთარგმნ.) ფეოდალი მმართველები ჰყავს დანიშნული; იქ, “დაყავი და იბატონეს” პრინციპით შექმნილი ადგილობრივი ბურჟუაზია, თავიდან ბოლომდე სიმულაციური; სხვაგან ორმაგ თამაშს თამაშობს: კოლონიაში კოლონისტებსა და ექსპლუატირებულებს გვერდიგვერ ასახლებს. ასე და ამგვარად, ევროპას ჰყავს მრავალი მხარე და ოპოზიციური ჯგუფი, ქმნის კლასებს და ზოგჯერ ავრცელებს რასისტულ ცრურწმენებსაც, მოკლედ, ნაცადი აქვს ყველა საშუალება კოლონიზებული საზოგადოებების სტრატიფიკაციის გასაძლიერებლად. ფანონი არაფერს არ მალავს: იმისთვის, რომ შეგვებრძოლოს ჩვენ, ყოფილმა კოლონიამ ბრძოლა უნდა გადაიხადოს საკუთარ თავთან, ან უფრო სწორად თუ ვიტყვით, ეს ორი ბრძოლა ერთი მთელის ორი ნაწილია. გამძვინვარებულ ბრძოლაში ყველა შიდა ბარიერი ირღვევა. ბიზნესმენებისა და მაღაზიის მფლობელების მარიონეტული ბურჟუაზია, ურბანული პროლეტარიატი, რომელიც ყოველთვის პრივილეგირებულ პოზიციაშია, პატარა ქალაქების ლუმპენ-პროლეტარიატი – ყველა ერთ ხაზში დგება სოფლის მასების, ეროვნული რევოლუციური არმიის ამ განსაკუთრებული რეზერვუარის, პირისპირ. იქ, სადაც კოლონიალიზმმა ქვეყნის განვითარების პროცესი განზრახ შეაფერხა, გლეხობა, როცა ფეხზე წამოდგება, სწრაფად გარდაიქმნება რევოლუციურ კლასად, რადგან მან იცის შიშველი ჩაგვრა და იტანჯება მისგან გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე იტანჯებიან მუშები ქალაქებში, და იმისთვის, რომ შიმშილისგან არ მოკვდეს, მთელი სისტემის გაცამტვერებაზე ნაკლებს არაფერს მოითხოვს. იმისთვის, რომ ტრიუმფს მიაღწიოს, ეროვნული რევოლუცია უნდა იყოს სოციალისტური. თუ მისი ბრძოლა უსრული იქნება, თუ ეროვნული ბურჟუაზია აიღებს ხელში ძალაუფლებას, ახალი სახელმწიფო, ფორმალური სუვერენულობის მიუხედავად, იმპერიალისტების კონტროლქვეშ დარჩება. კატანგას[6]მაგალითი ამის მშვენიერი ილუსტრაციაა. მესამე მსოფლიოს ერთობა ჯერ არ მიღწეულა. ის ჯერ პროცესშია, და იწყება მას შემდეგ, როცა გლეხთა კლასის მეთაურობით გაერთიანებული ყველა კოლონიზებული ხალხი დამოუკიდებლობას მიაღწევს ყველა ქვეყანაში. აი, რას უხსნის ფანონი თავის ძმებს აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში: ჩვენ უნდა მივაღწიოთ რევოლუციურ სოციალიზმს ყველგან ყველამ ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ძველი ბატონები სათითაოდ დაგვამარცხებენ. ის არაფერს მალავს – არც სისუსტეს, არც უთანხმოებებს, არც მისტიფიკაციას. ერთგან მოძრაობა ცუდად იწყება და თავდაპირველი წარმატების შემდეგ მომენტალურად მარცხდება. სხვაგან წყდება, და იმისთვის, რომ თავიდან დაიწყოს, გლეხობამ თავისი ბურჟუაზია უნდა მოისროლოს გემბანიდან. მკითხველი დარდობს თავის ყველაზე საშიშ ილუზიებზე: ლიდერისა და პერსონების, დასავლური კულტურის კულტზე და, რაც არანაკლებ საშიშია – ძველი აფრიკული კულტურის ბინდ-ბუნდში დაბრუნებაზე. რადგან ერთადერთი ნამდვილი კულტურა რევოლუციის კულტურაა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც მუდმივად ქმნადობის პროცესშია. ფანონი ხმამაღლა ლაპარაკობს. ჩვენ, ევროპელებს, გვესმის მისი, რასაც ისიც ადასტურებს, რომ თქვენ ახლა ეს წიგნი გიპყრიათ ხელთ. და მაშინ, არ ეშინია, რომ კოლონიური ძალები მისი გულწრფელობისგან ხეირს ნახავენ?