კობო აბე, მაღრიბი და მაშრიყი: ორი კულტურის შეყრა

კობო აბე, მაღრიბი და მაშრიყი: ორი კულტურის შეყრა

კობო აბე

მაღრიბი და მაშრიყი: ორი კულტურის შეყრა 

ერთხელ, გვიან საღამოს, ტელევიზიით აჩვენებდნენ კინოფილმს „მაროკო“. დიქტორმა მას „მსოფლიო კინოხელოვნების შედევრი“ უწოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ნათქვამისადმი ერთობ სკეპტიკურად განვეწყვე. საქმე ისაა, რომ, თუმცა ეს ფილმი ოდესღაც უკვე ნანახი მქონდა, მაინც, ბოლო ერთი სცენის გარდა, მეხსიერებაში სხვა არაფერი დამრჩენოდა რა. ფილმის გამოსვლის დროც – იგი „პარამაუნტმა“ გამოუშვა 1930 წელს და მთავარი როლების შემსრულებელთა – მარლენ დიტრიხისა და ჰარი კუპერის შერჩევაც მოასწავებდა მარტივი, სასიყვარულო კოლიზიის ხილვას. მარგრამ რა გაეწყობა, ასე თუ ისე, შემეცნების თვალსაზრისით არც ის რომანტიული ისტორია უნდა იყოს ინტერესმოკლებული, 50ზე მეტი წლის შემდგომ უკვე რომ გაუფერულდა და გახუნდა. განა 80-იანი წლები – ძრწოლვისა და არეულობის ხანა – ჩვენს დროსაც არ ჩამოჰგავს? უპრიანი იქნება, ვნახო ეს სურათი, ეგებ ამით იმ წლების ატმოსფეროც შევიგრძნო-მეთქი მეტნაკლებად გადავწყვიტე ბოლოს. 1929 წელს უოლ-სტრიტი ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა, 1933 წელს კი ჰიტლერმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო… სამყაროში წინააღმდეგობები ძლიერ გამწვავდა. იმდენად დაიძაბა, რომ ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო მეხის გავარდნა. არავინ უწყოდა, თუ რა იმალებოდა ამ უსაზღვრო ბინდის მიღმა – იყო დღე თუ იყო ღამე. იწყებოდა ნამდვილი პანიკა – გრანდიოზული ფსიქოლოგიური „გაქცევა“.

„მაროკო“, როგორც ვფიქრობდი, აღმოჩნდა ამ „გაქცევის“ მარტივი ისტორია, მელანქოლიუირი მოთხრობა ორი ადამიანის სიყვარულის შესახებ, რომლებიც აქ, მაროკოში გაიქცნენ, რათა თავი დაეღწიათ ევროპული სამყაროს სირთულეებისაგან. ესენი არიან საზღვარგარეთული ლეგიონის ჯარისკაცი და მომღერალი ქალი. მაგრამ, შეყვარებულთა ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა: მომღერალს მფარველად მოევლინება შეძლებული კაცი – ელეგანტური ცინიკოსი და ჯარისკაციც გადაწყვეტს ქალს გაეცალოს. თავად ქალი კი უძლურია, თავი დააღწიოს არსებულ ვითარებას.
სურათის მთავარი გმირი ქალისა და მისი მფარველის შეუღლების დღეს, საზღვარგარეთული ლეგიონი ღებულობს საბრძოლო ბრძანებას. დაფდაფების ხმის ფონზე ჯარისკაცები მიეშურებიან უდაბნოსკენ. ქალი კი, რომელმაც მიატოვეა საკუთარი ქორწილი, მისდევს ჯარს და მოწანწალე ქალების ჯგუფთან ერთად უკან მიჰყვება მას. ფილმის უკანასკნელ კადრში მარლენ დიტრიხი იხდის თავის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს და ფეხშიშველი მირბის უდაბნოში.
მაშ ასე, ფილმს მაინც ბოლომდე ვუყურე. შესაძლოა, ეს მოხდა დიტრიხის საუცხოო თამაშის წყალობით, იმ დიტრიხისა, რომელიც თითქოსდა დაბადებული  იყო „გაქცეული ქალის“ როლის შემსრულებლად. საერთოდ, 80-იან წლებში მეტად პოპულარული იყო თავქარიანი ყმაწვილისა და ქალის ტიპი და ეს არცაა გასაკვირი: ამგვარი მხატვრული სახე ხომ იმ სამყაროთი საზრდოობდა, რომელშიც უცილობელი კრახის წინათგრძნობა და „გაქცევის“ საყოველთაო, თავბრუდამხვევი ნატვრა ერთმანეთს ერწყმოდა.
მაგრამ ამ ფილმის პათოსი ჩემთვის მაინც მიუღებელი იყო. არა, პროგრამა არ გადამირთავს, და მაინც, თავად გადავერთე ფიქრით: კუპერისა და დიხტრის გმირების ბედი ნაკლებად მაღელვებდა. ჩემში გაცილებით მეტ ინტერესს აღძრავდნენ ის მაროკოელი არაბები, სურათში მხოლოდ მუნჯ სიმბოლოებად რომ გვევლინებოდნენ. ესენი იყვნენ თეთრ მოსასხამებში გამოწყობილი უსახო ფიგურები – მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთის ლეგიონის მარშს ადევნებდნენ თვალს. მკვიდრი მოსახლეობის ამბოხებული ლაშქარი ფილმში საერთოდ არ ჩანს, მის არსებობაზე გაკვრით მიგვანიშნებს თოფის სროლის ხმა. სიუჟეტი მთავრდება თეთრკანიანი ქალითა და მამაკაცით, თითქოსდა ესაა სამყაროს დასასრული, რომლის იქით იწყება სიცარიელე, „ შავი ხვრელის“ მსგავსი რამ. აქ კი სუფევს თავისუფლება. შესაქმესა და არარსებობის მიჯნაზე – ეგზოტიკაში რომ შეიმეცნება თავდაპირველად და ქალისა და მამაკაცის ურთიეთობისას მოპოვებული სიწმინდეც აქაა.

რადგანაც ფილმში სხვა გმირები არ ჩანან, მაყურებელს ისღა დარჩენია, რომ შეყვარებულთა თანაგანცდას მიეცეს. მე კი, ნაცვლად ამისა, სულ უფრო მეტად ვღიზიანდებოდი. ხოლო უკანასკნელმა, ყველაზე უფრო რომანტიულმა კადრმა ჩემში პირწავარდნილი პრაკტიკოსის ცინიზმი გამოიწვია: „ღმერთმანი, რამდენი უჭკუო ქალი დადის ამ ქვეყნად. ნეტავ, შორს თუ წავა ამ თაკარა მზის ქვეშ, ამ უდაბნოში ეს ფეხშიშველი ქალი, გამოქცეული კაბარედან? დამწვრობისგან ფეხები რომ სულ მთლად დაუწყლულდება, სიარულს ვეღარ შეძლებს და ან მკვირდი მოსახლეობის, ანდა, აფთრის მსხვერპლი შეიქნება“.
ალბათ, ფილმის ამგვარ აღქმას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სწორედ იმხნად ვკითხულობდი ედვარდ საიდის წიგნს ‘’ ორიენტალიზმი“. საიდი პროფესორია, აშშში, კოლუმპიის უნივერსიტეტში ასწავლის ინგლისურ ლიტერატურას. წარმოშობით იგი პალესტინელია, იზრდებოდა ქაიროში და განათლებაც იქვე მიიღო. როგორც ჩანს, მისი პალესტინიური სისხლითა და ტემპერამენტით აიხსნება ის ფაქტი, რომ ხსენებული წიგნი განგაშისკენ მოგვიწოდებს. წიგნის ძირითადი შინაარსი მოკლედ ასეთია: ევროპული და არაევროპული ქვეყნები – ეს მხოლოდ ხალხთა განსხვავებული ერთობები როდია. ევროპა არის „სუბიექტი“, მუდამჟამ თვალყურს რომ ადევნებს საკუთარ „ობიექტს“ – აზია და საერთოდ აღმოსავლეთს, რომელიც თავის მხრივ ამ მეთვალყურეობის შედეგად ყალიბდება. ამგვარად, ევროპის მიერ აღმოჩენილი აღმოსავლეთი არის ოდენ ეროტიული მოდელი, შექმნილი იმისათვის, რათა დადასტურდეს ევროპული სტანდარტების სისწორე.
თუკი ამ აზრს განვავითარებთ, მივიღებთ, რომ აღმოსავლეთი არის ერთგვარი “უზადო სარკე“, რომელშიც ევროპა იმზირება იმისათვის, რათა ირწმუნოს საკუთარი უპირატესობა. უზუმოდ მკაცრი განაჩენია!   თუმცა კი საიდი ალბათ შემეკამათებოდა და მეტყოდა რომ მისი განაჩენის ამგვარი შეფასება თავის მხრივ საზრდოობს იმ გესლით, რომელსაც ევროპელები ანთხევენ აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ. როგორც ჩანს, ეს ასეც უნდა იყოს. კოლონიური ჩაგვრით მოყენებული ჭრილობები იმდენად ღრმაა, რომ მათ ვერ კანგურნავ ოდენ სიძულვილით. უმძიმესი დანაშაულია მსოფლიოს დაყოფა ევროპულ და არაევროპულ ნაწილებად და მათ შორის რაღაც დემარკაციული საზღვრის გავლებაც.
მაგრამ, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ საიდის „ განტოლებას“ აკლია ცვლადის სიდიდე, მისი წიგნი არ არის დანაშაულის გულმოდგინე გამოძიება, იგი უფრო პროკურორის სიტყვას წააგავს, წარმოთქმულს უვექილოდ მოწყობილ გასამართლებაზე. „ განტოლების“ დროს კი უცილობლად უნდა არსებობდეს ცვლადის სიდიდე.
1956 წელს ეკრანებზე უჩვენებდნენ ფრანგი რეჟისორის ანდრე კაიატის ფილმს „სისხლი სისლის წილ“ მასში, „მაროკოსთან“ შედარებით დიამეტრიულად საპირისპირო სიტუაციაა ასახული. ფრანგ ექიმს, რომელსაც კეთილი განზრახვანი ქონდა არაბების მიმართ, ეს უკანასკნელნი სიკვდილს მიუსჯიან მხოლოდ იმის გამო, რომ იგი არ არის არაბი. მას უდაბნოში შეიტყუებენ, სადაც განზრახ არასწორად შედგენილი რუკის წყალობით გზა-კვალს აუბნევენ. მოქმედი გმირი იძულებულია შეურიგდეს უსამართლო განჩენს, თუმცა კი თავს არაფრის გამო არ ცნობს დამნაშავედ.
საერთოდ, განტოლების ცვლადი სიდიდის შეცვლით შეგვეძლება წარვმართოთ თავად ამ გათანაბრების შედეგიც. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ფილმი „მაროკო“, თუკი მას არაევროპელმი შექმნიდნენ? ალბათ, ასეთი რამ შეუძლებელი. სწორია საიდი, როდესაც შენიშნავს, რომ მსლოლიოს დაყოფა „ცენტრად“ და „პროვინციებად“ მხოლოდ და მხოლოდ ევროპელებს ახასიათებთ.
თუმცა, ერთი გამონაკლისიც არსებობს-ამგვარი ფილმი შეიძლებოდა შექმნილიყო იაპონიაში. მაშინ მოქმედების ადგილი გადატანილი იქნებოდა მანჯურიაში საზღვარგარეთულ ლეგიონს კვანტუნის არმია შეცვლიდა, მოქმედ გმირ ქალსაც (თავი გავანებოთ იმის ძიებას, შესცვლიდა თუ არა ვინმე დიტრიხს) – ხოკაიოდან ან კიუსიუდან გაქცეული ოფიციანტი. მკვიდრი მოსახლეობის ლაშქრის ნაცვლად კი – ჩინელი ,,ყაჩაღები“ მოგვევლინებოდნენ. ვინაიდან მანჯურიის ინციდენტი 1931 წელს მოხდა, ამ ორი მოვლენის დროც ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო იაპონელები კი, ევროპელებს სულაც არ ჩამორჩებიან ტენდენციურობით აზიის ქვეყნების მიმართ. ასე, მაგალითად, იაპონია ოდითგანვე მეთვალყურე ,,სუბიექტის“ როლში გამოდიოდა და იმ მეტროპოლის მსგავსად ეჭირა თავი, რომელიც კოლონიურ ქვეყნებს მართავდა. იგი მუდამ გულმოდგინედ აკრიალებდა აღმოსავლეთ აზიის ,,უზადო სარკეს“.

საინტერესოა, რატომ არ დაუმიზნა საიდმა თავისი მამხილებელი ისრები იაპონიას? რატომ არ მოახსენა იგი დამნაშავეთა შორის? 

ამის შესახებ მე ჯერჯერობით არ მაქვს სრული წარმოდგენა. შესაძლოა, მიზეზი ისაა, რომ კანის ფერის მსგავსების გამო საიდი განიცდის ერთგვარ ახლობლობას იაპონელებთან? ან კიდევ, სიძნელეების გამო მან თავი აარიდა ბრძოლას ორი მიმართულებით და გადაწყვიტა ჯერ ევროპისათვის ,,შეეტია“? ანდა არ ახსენა იაპონია სულაც იმიტომ, რომ არ ჩათვალა იგი ამის ღირსად? ჩემთვის ნათელი მხოლოდ ერთი რამაა: საიდს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ არ ,,წყალობისთვის“ იაპონელები მისდამი მადლიერების გრძნობით განიმსჭვალებიან.
მეიძის 1868 წლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ იაპონელები ,,დაოთხილნი“ მიეჭენებოდნენ ისტორიულ სარბიელზე. ამ სრბოლისას მათი საყრდენი ორი გრძნობა იყო – შიში და სიხარბე. მათ შეითვისეს ყოველივე ის, რაც დასავლეთის ქვეყნებმა გააკეთეს, აკეთებენ და მერმის გააკეთებენ და ბოლოს და ბოლოს ფინიშსაც მიაღწიეს. ეს ფინიში, შესაძლოა, იაპონელთა მირაჟის ნაყოფიც კი იყო, მაგრამ მათ მაინც დაინახეს გზაზე გადაჭიმული წარწერა-„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ და აგრეთვე ხალხი, რომელიც გულთბილად ესალმებოდა. ვინ იცის, ეგებ აბრაზე სხვა სიტყვებიც კი ეწეა, მაგრამ იაპონელთა შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო: ამ ფინიშთან საიდის მიერ დამნაშავეებად მხილებული დასავლეთის ქვეყნები სიკვდილმისჯილნიც რომ დაენახათ, ამას მათთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა: თუ თამაშია, თამაში იყოს! და აი, ახლა იაპონელები საკუთარ მანქანებს უწოდებენ „სკაილაიან“ და არა „ჰორიზონტს“. ატარებენ იმავე ფეხსაცმელს, რომელსაც ასევე თეთრკანიანი მანეკენი-ქალები იცვამენ. სვამენ ლუდს, რომელსაც ასევე თეთრკანიანი-მანეკენი ქალები ეტენებიან. ერთი სიტყვით, მუდამ გარშმორტყმულნი არიან მ თეთრკანიანთა სახეებით, რომლებიც მოქმედი-პირნი არიან თითქმის მთელი სარეკლამო მასალისა, იქნება ეს „სატელევიზიო როლიკები“ თუ ყოველდღიური გაეთების ფერადოვანი ჩანართების ჩვენება-რეკლამა. (მათაც ახლა უწოდებენ არა რეკლამას, არამედ „კომასიარუს“)
სწორედ ამიტომ, როცა სამხრეთ აზიის ხალხებმა იაპონელებს შეარქვეს „ზეთეთრები“, არც ერთი მათგანს ეს გარემოება სამარცხვინოდ არ მიუჩნევია. ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც ევროპელები ამერიკელებთან ერთად მივლენ იმ დასკვნამდე, რომ იაპონელები არიან „ერთ-ერთი ნაირსახეობა თეთრი რასისა“. ბოლოს ავადებული თეთრკანებიც ხომ ყვითლდებიან.

ამგვარად, იაპონელთა უმრავლესობა სულაც არა ჰგონია მირაჟი ეს აბრა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“. „შეხედეთ – ამბობენ ისინი – ჩვენი ინტერნაციონალიზაცია სრულად მიმდინარეობს. ამჟამად პარიძში იაპონური ბუმია. იქ გამოდის „კაბუკის“ თეატრი და სუმოს ტურნირიც ტარდება. იქ მართავს გასტროლებს ჩვენი თეატრალური ცხოვრების ავანგარდი-დასი, რომლის მოვაწეობას შამანობის ელფერი დაჰკრავს და სხვადა-სხვაგვარი იაპონური გამოფენებიც იმართება“, როდესაც ამგვარ საუბარს ვისმენ, მუდამ ვეკითხები საკუთარ თავს; რატომაა რომ როცა საუბრობენ ,,ინტერნაციონალიზაციის“ შესახებ, ყოველთვის გულისხმობენ იაპონიას, ხოლო მის დასავლეთელ პარტნიორებს კი არა? თუმცა, თუკი ინტერნაციონალიზაციას განვიხილავთ, როგორც პროცესს ადამიანის ინტერნაციონალისტად ჩამოყალიბებისა, ინტერნაციონალისტს – იმ ადამიანად, ვინც ფლობს ევროპულ ენებს და მუდმივი კონტაქტი აქვს როგორც ევროპელებთან, ასევე ამერიკელებთანაც, ხოლო ინტერნაციონალისტურ საქციელს კი ვუწოდებთ ე.წ კარგ ჩვევათა ერთობლიობას (მაგ; ბანკეტზე ყოფნისას არ უნდა აწყენინო რაიმე მასპინძელსა და მის მეუღლეს) მაშინ ყოველივე ნათელი გახდება: ინტერნალიციონალიზაცია ყოფილა მოთხოვნათა კომპლექსი, რომელთა წამოყენება შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ „ბანკეტს მომწყობთ“. იგი არ არის საკაცობრიო, საყოველთაო პრობლემა, არამედ მხოლოდღა ის გამაფრთხილებელი სიგნალია, რომელსაც „ცენტრიდან“ გამოსცემენ სამყაროს „პერიფერიებზე“ მცხოვრებთა გასაგონად, ყველანი ინგლისურის ენის შემსწავლელთა კურსებზე , რათა ჯეროვნად შევძლოთ „ცენტრიდან“ ჩამოსული ტურისტების მომსახურეობა! მოდით, იაპონელთა მოსასალმებლად გამოკრულ აბრას – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ – უკანა მხრიდანაც შემოვუაროთ, მაშინ იქ წავაწყდებით ასეთ წარწერას: „ვინც წარმატებით სწავლობს“
და მაინც, რაც უნდა ამტკიცონ, რომ დასავლეთის სამყარო იაპონიას უმზერს, როგორც „სამეთვალყურეო ობიექტს“, ერთი რამ ცხადია: აზიის ხალხები, საკუთარ თავზე რომ გამოსცადეს იაპონიის აგრესია, არ დაივიწყებენ. იაპონია მათთვის „სუბიექტი“ რომ იყო და განა დღესაც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები იაპონიას „უზადო დარკის“ მაგივრობას არ უწევენ? რა გაეწყობა, კაცმა უნდა აღიაროს, რომ იაპონელების აღქმა „მაროკოს“ დონეზეა შეჩერებული. ომის შემდგომ წლებში მათ ვერ შეძლეს ღრმა თვითანალიზის დონეზე ამაღლებულიყვნენ იმ იდეების საფუძველზე, რომლებიც ასახულია ფილმში „სისხლი სისხლის წილ“. ,,სექსტურების“ მზარდი პოპულარულობა სულაც არ ნიშნავს ფლობერისათვის დამახასიათებელი ეროტიულობით გაჟღენთილ თანაგრძნობას „პერიფერიებისადმი“. რაც შეეხება აღმოსავლეთ აზიის ხალხებს – განა ისინი დღემდე მტრულად არ არიან განწყობილნი იაპონელებისადმი? და თუ ჩვენ არ გვესმის მათი აღშფოთებული ხმები, ეს მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ ჩვენ უგრძნობლობით სულაც არ ჩამოვრჩებით ევროპელებს.
ნუთუ ნაციონალურ კულტურათა ურთიერთობის ერთადერთი ფორმაა ის სავალალო მოდელი, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ერის თვითშემეცნება ღრმავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი სხვა ქვეყნებს განიხილავს როგორც „ობიექტს“, საკუთარ თავს კი – „სუბიექტად“ წარმოიდგენს? ნუთუ არ არსებობს სხვა გზა ურთიერთობისა?

________________________________________________________________
პირველად გამოქვეყნდა გაზეთში ,,ლიტერატურული საქართველო“, 30 დეკემბერი, 1988წ

თარგმა ნინო შენგელიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *